ე.წ. კაბელების საქმე

კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო. 

ადვოკატების ინფორმაციით, საუბარია სასაქონლო-საინჟინრო ექსპერტიზაზე, რომლის საფუძველზეც, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ.

დაცვის მხარის ადვოკატებმა მეორე ინსტანციის მოსამართლეს განცხადებით მიმართეს, რომ საჩივარზე ზეპირი მოსმენით, ანუ მხარეთა დასწრების პირობებში ემსჯელა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა. 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურობაში ეჭვი ეპარებათ თავისუფალ დემოკრატებს. შალვა შავგულიძის თქმით, მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა, რაც მათთვის გაუგებარია.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა რაიმე ლოგიკას და დასაბუთებას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ უკრიტიკოდ იზიარებს პროკურატურის საჩივრის პოზიციას“, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების მდივანმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის გარიგებაზე საუბრობდა. ალასანიას მტკიცებით, ივანიშვილი მოსამართლეებს კანონში ცვლილებების შეჩერებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი, სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე "მათთვის სასურველ" გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

 

კომენტარები