სტიქია თბილისში

ნარმანია: ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადავა

თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადავა. მისი ინფორმაციით, ადგილი უკვე შერჩეულია. ნარმანია აღნიშნავს, რომ ზოოპარკის ძველ ადგილზე დატოვებას აზრი არ აქვს.

"ამიტომ, ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ და მოვაწესრიგოთ ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამისთვის კონკრეტული ადგილი შერჩეული და გამოყოფილია. არის ორი სხვადასხვა პროექტი, რომელიც თბილისის მერიაში ჩვენამდე იყო მომზადებული და ინახებოდა. როგორც კი ამ გადაუდებელ სამუშაოებს მოვრჩებით, ვიმსჯელებთ სამომავლო განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა გზით და რა პროექტით ვიმუშავებთ", - განაცხადა ნარმანიამ. 

ამასთან, თბილისის მერიამ უკვე გამოაქვეყნა ახალი ზოოპარკის მაკეტი.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 16 ადამიანი იმსხვერპლა, ექვსი დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა. 

კომენტარები