ტეტანუსის ვაქცინა

ჯანდაცვის სამინისტრო: ტეტანუსის ვაქცინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოა პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში.

"ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 100%-ით ფინანსდება პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში. უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ტაშკენტის ქ. #10-ში და მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. ანტიტეტანური ვაქცინის გაკეთება ასევე შესაძლებელია კლინიკებში - მედკაპიტალი - გამრეკელის 19; ჯანმრთელობის სახლი - ალ. ყაზბეგის 14ბ; ვერე XXI - ქიაჩელის 18", - აცხადებს ჯანდაცვის უწყება და სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რჩევებს აძლევს.

"ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებით მინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში, მიმართეთ სამაშველო სამსახურს; დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი; არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი; კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით; მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით; სითბური და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები; ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები; მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები; გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს. ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს, განსაკუთრებით, ორსულები და მცირეწლოვნები: დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას".

კომენტარები