სტიქია თბილისში

13 ივნისის მოხალისეთა ჯგუფი Facebook-ზე გაუქმდა

მოხალისეთა 20 000-წევრიანი ჯგუფი სახელწოდებით - "13 ივნისი - მოხალისეთა გაერთიანება" Facebook-ზე ამ დროისთვის გაუქმებულია. მოხალისე ნიკა დავითაშვილის თქმით, ჯგუფის გაუქმების მიზეზი ამ დრომდე არ იციან და მის აღდგენას Facebook-ის ადმინისტრაციასთან კავშირის გზით ცდილობენ. დავითაშვილის ინფორმაციითვე, გაუქმებულია ჯგუფის სხვა ადმინისტრატორების ანგარიშებიც.

"ჩვენ შევეცდებით, ჯგუფი აღდგეს იმ ფორმით, როგორიც იყო", - ამბობს დავითაშვილი.

13-14 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეები - ძირითადად ახალგაზრდების თვითორგანიზებული ჯგუფები. მოხალისეებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეპიდემიის გავრცელების და მტაცებელი ცხოველების თავდასხმის საფრთხის გამო, დღეს სამუშაოებს შეწყვეტდნენ. თუმცა Facebook-ჯგუფის გაუქმების გამო, მოხალისეთა ნაწილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა და ამ დრომდე სტიქიის ზონებში იმყოფებიან. როგორც ისინი ტაბულასთან საუბარში ამბობენ, მოხალისეებს პირბადეების, სასმელი წყლისა და საჭმლის ნაკლებობა აქვთ. 

"დღეს დილიდან სტიქიის ეპიცენტრში, მზიურის ტერიტორიაზე შევიკრიბეთ. აქ დაგვხვდენ შსს-ს თანამშრომლები, რომლებმაც მოგვიწოდეს დაშლისკენ და სახლში დაბრუნებისკენ. თუმცა, დაახლოებით 15 წუთში მოვიდა რამდენიმე ჯარის ფორმაში ჩაცმული პიროვნება, რომლებმაც ჩამოგვიყვანეს სტიქიის ეპიცენტრში. აქ დაგვხვდა სიტუაცია, რომ არის ხელთათმანების, სპეციალური პირბადეების, საჭმლის, სასმელი წყლის, დასაბანი წყლის დეფიციტი. სპეციალური ნიღბის და თათმანების გარეშე, რა თქმა უნდა, არის საშიშროება, გავრცელდეს ეპიდემია. წინა დღეებში ყველაფერი იყო ზომაზე მეტი. დღეს არის სრული განუკითხაობა და გვაკლია ბევრი რამე. მოხალისეთა რაოდენობა გვემატება, 600-700 კაცი ვართ და გვემატებიან. ზოგს დილის საათებში გამოცდა ჰქონდა და შემოგვიერთდებიან 4-5 საათისთვის", - უთხრა ტაბულას მოხალისე ლუკა ფეიქრიშვილმა.

 

კომენტარები