სიჭინავა: UEFA-მ biletebi.ge-ს პრობლემის გადასაწყვეტად 48-საათიანი ვადა მისცა

Zviad Sichinava
Tabula

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 23 მაისს, 19:00 სთ-ზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან შეთანხმებით, კომპანია biletebi.ge-ს 48-საათიანი ვადა მიეცა, რათა გამართოს სისტემა და მსურველებმა შეძლონ თბილისში გასამართი სუპერთასის ბილეთების შეძენა.

"UEFA-სთან დასრულდა მოლაპარაკება. მათ გადაწყვიტეს, რომ biletebi.ge-ს პრობლემის გადასაწყვეტად 48-საათიანი ვადა მისცენ. დანიშნულია დრო - ხუთშაბათს ექვსის ნახევარზე ჩვენ გვექნება UEFA-სთან კიდევ ერთი სატელეფონი კავშირი და იმ შემთხვევაში, თუ ამ მომენტამდე biletebi.ge არ მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას, გადავალთ გეგმა ბ-ზე. თუ რაში მდგომარეობს ეს გეგმა ბ, გეტყვით ხუთშაბათს საღამოს," - თქვა ზვიად სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ დილით, 09:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტის სერვერმა დიდი რაოდენობით შემოსულ მომხმარებლებს ვერ გაუძლო და გაითიშა.

სუპერთასის მოსაპოვებლად, ბარსელონა და სევილია ერთმანეთს 11 აგვისტოს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები