საქართველოს ეკონომიკა

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი გახდა

mof.ge

დღეს პეკინში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სადამფუძნებლო შეთანხმებას. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიცო ბანკის დაფუძნების ხელშეკრულებას დღეს 57-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. 

AIIB წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სხვადასხვა წარმოების სექტორებში ინვესტირების გზით, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება, რეგიონული პარტნიორობის ხელშეწყობა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის უმსხვილესი წილის, ანუ 30%-ის მფლობელი ჩინეთია. დღესვე საერთაშორისო დელეგაციები ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდებიან.

ბანკის დამფუძნებლებს შორის არიან რეგიონის შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბრუნეი დარუსალამი, კამბოჯა, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იორდანია, ყაზახეთი, კორეა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალაიზია, მალდივები, მონღოლეთი, მიანმარი, ნეპალი, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, ყატარი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, შრილანკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, უზბეკეთი, ვიეტნამი. 

წევრები არიან ასევე: ავსტრია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.

ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წლის ბოლომდე ღია იქნება კიდევ შვიდი ქვეყნისთვის. ახალი საფინანსო ინსტიტუტის ამოქმედება სწორედ წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი. 

 

კომენტარები