საბერძნეთი

Barclays: საბერძნეთში დეფოლტი პრაქტიკულად გარდაუვალია

საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Barclays ანგარიშის მიხედვით, საბერძნეთში დეფოლტი პრაქტიკულად გარდაუვალია. The Wall Street Journal-ის უკანასკნელი ცნობის თანახმად, საბერძნეთი ხვალ, 30 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) €1.6 მილიარდის მოცულობის ვალს არ გადაიხდის.

ცნობისთვის, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა, რომელზეც ბერძნულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება ქვეყანას მომავალში. მოსახლეობაში პანიკის გამო, მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ დღეიდან ბანკები ერთი კვირით დახურა. ციპრასის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს.

საბერძნეთს თავისი კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხის რესტრუქტურიზაციაზე თანახმა არიან, თუკი საბერძნეთი დაუყოვნებლივ გაატარებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაზეც მმართველი პარტია სირიზა წინააღმდეგია.

The Wall Street Journal-ის ცნობით ივნისში საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის "ცივი ომი" დაიწყო. საბერძნეთმა თანხის უქონლობის მიზეზით 6 ივნისს სავალუტო ფონდის €300 მილიონიანი ვალი არ გადაიხადა.

კომენტარები