საქართველო-თურქმენეთი

საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ჩამოვიდა. ბერდიმუჰამედოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეკონომიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე დახვდნენ. 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, "ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტს, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებებს ყველა იმ თემატიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე გეოპოლიტიკური და ტრანსრეგიონული პროექტების განვითარებისთვის".

დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ორი ქვეყნის ლიდერების როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივ დოკუმენტებს ხელს მოაწერენ. გიორგი მარგველაშვილი და გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. თურქმენეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს. ვიზიტის მეორე დღეს გურბანგული ბერდიმუჰამედოვისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.

თურქმენეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.

 

კომენტარები