სტიქია თბილისში

პრემიერი: დაზარალებული მოსახლეობის განსახლების გეგმას თვალს ვადევნებთ

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლებას და დაბინავების პროცესს მთავრობა თვალყურს ადევნებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"მთავრობა ჩართულია და
 ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს დაზარალებული მოსახლეობის განსახლების გეგმას და მათ დაბინავებას. მე მინდა, რომ ეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს. დღეს გვესწრება ქალაქის მერი დავით ნარმანია და მე ვიცი, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს დაბინავების და განსახლების პროცედურები. ყველა ოჯახი, ვინც დაზარალდა ამ სტიქიის შედეგად, უნდა დავაბინაოთ, ახალი სახლები შევუძინოთ, ვისაც სჭირდება, გავურემონტოთ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღესვე პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოს სტიქიის დროს ფინანსურად დაეხმარნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, დაზარალებულებისთვის 300 ათასი დოლარი გადმორიცხა.

"ასევე, მინდა მეზობელ სახელმწიფოებს ვუთხრა მადლობა, მათ დაუყოვნებლივ, იმავე დღეებში აღგვითქვეს დახმარება. შემოგვთავაზეს როგორც ფიზიკური ძალის, ასევე ფინანსური რესურსის, ტექნიკის დახმარება. თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ევროკავშირი... რუსეთიდან იყო ასევე შემოთავაზება 100 მაშველის და ტექნიკის. უკრაინიდანაც დამირეკეს... მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, მძიმე მომენტში, როცა ჩვენ გვიჭირდა, მეზობელი სახელმწიფოების დახმარება ნიშნავს ძალიან ბევრს", - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები