საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

WP: რუსეთთან წარსული უთანხმოების მიუხედავად, საქართველო მის ორბიტაზე ბრუნდება

0 კომენტარი
ფოტო: Washington Post Co.

მიუხედავად რუსეთთან წარსული უთანხმოებისა, საქართველო კვლავ მის ორბიტაზე ბრუნდება - ასე ჰქვია Washington Post-ში გამოქვეყნებულ მაიკლ ბირნბაუმის სტატიას.

ბირნბაუმი წერს, რომ საქართველო პროდასავლური ქვეყანაა, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ომი გადაიტანა და ცოტა თუ იფიქრებდა, რომ კრემლი აქ ძალაუფლებას დაიბრუნებდა.

„მაგრამ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ევროკავშირისა და NATO-სკენ საქართველოს მიმავალ გზაზე უკან დაიხია, პრორუსული სენტიმენტები კვლავაც გაძლიერდა", - წერს ბირნბაუმი.

Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა საქართველოში გაზარდა წარმომადგენლობა სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს ქართულენოვანი ბიუროს გახსნით, ენერგოსექტორსა და სხვა წამყვან სექტორებში ინვესტიციების გაღრმავებით.

„რუსეთი გავლენის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში", - აღნიშნავს ბირნბაუმი.

სტატიის ავტორი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებაც საუბრობს და წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმზე უარი უთხრეს, რამაც საქართველოს ლიდერების იმედგაცრუება გამოიწვია.

Washington Post-ის სტატიაში წერია, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც პუტინთან ევროპის სახელით მოლაპარაკებები ითავა, წინააღმდეგია ევროკავშირის გაფართოების. ისევე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტია წინააღმდეგი ამ ეტაპზე NATO-ს გაფართოების.

"არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან NATO-ს წევრობის გზაზე. NATO-ს ამ ეტაპზე გაფართოების შესახებ გეგმა არ არსებობს", - განაცხადა ობამამ.

სტატიაში ნათქვამია, რომ მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერა იზრდება. ავტორი საუბრობს იმაზე, რომ რუსები ცდილობენ მსოფლიოს ამ ნაწილზე დომინირება შეინარჩუნოს. ისინი რეგიონს ევროპელებზე გაცილებით უკეთ იცნობენ და კარგად გათვლილ ნაბიჯებს დგამენ.

სტატიაში წერია, რომ მიუხედავად რუსეთის გაძლიერებისა, საქართველო ევროკავშირისა და NATO-საკენ მიმავალი გზის ერთგული რჩება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები