აღმაშენებლის ხეივანი

არის თუ არა მერია დაკავებული "თხის ყიდვა-გაყიდვით" აღმაშენებლის ხეივანზე?

აღმაშენებლის ხეივანი
facebook.com/iago.khvichia

დეპუტატ გოგა ხაჩიძისა და მოქალაქეების ნაწილის ბრალდებას, რომ ქალაქ თბილისის მერია აღმაშენებლის ხეივნის გზის ბარიერებს საჭიროების გარეშე ცვლის და ამით "ფულს შოულობს", დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ავთანდილ სუდაძე გამოეხმაურა. ხაჩიძემ მერია "თხის ყიდვა-გაყიდვაში" დაადანაშაულა და ეჭვქვეშ ახალი ბარიერის უსაფრთხოებაც დააყენა.

"თუ კარგად დავაკვირდებით აღმაშენებლის ხეივანს, თბილისში შემოსასვლელს, ამ ეტაპზე მეორე მხარეს, დავინახავთ, რომ იქაც საკმაოდ ბევრია ამორტიზირებული, ის ძველი ბარიერი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ამ ადგილს უსაფრთხოების კუთხით.

ქალაქში ჩვენ დავგეგმეთ ამ წლის განმავლობაში, რისი თანხობრივი საშუალებაც გვქონდა, გამოგვეცვალა ის ძველი, დამტვრეული ნიუ ჯერსის ბარიერი და დაგვეყენებინა ახალი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო, ერთი მხრივ ლამაზი ყოფილიყო, ხოლო მეორე მხრივ, უსაფრთხო ადამიანებისთვის იქ გადაადგილება. ძალიან ხშირია ავარიული შემთხვევები, შესაბამისად, ახალი ნიუ ჯერსის ბარიერი კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას შესძენს ამ ადგილს", - განაცხადა სუდაძემ.

ბარიერების გამოცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში დისკუსია იურისტმა იაგო ხვიჩიამ წამოიწყო: "დიღმის ტრასაზე მთელ გაყოლებაზე იყო შავ-თეთრი ბეტონის ჯებირი, ბოლო ერთი თვის მანძილზე, ამ ჯებირს იღებდნენ დიდი მანქანებით, ამწეებით და მთელი სიყვარულით... ვიფიქრე ან გზას აფართოებდნენ ან რამე ეგეთს აკეთებდნენ... გამოგიტყდებით და ისიც კი ვიფიქრე, პარკის გაკეთება ხო არ მოუნდათ-თქო ტრასებს შორის... დღეს გამოვიარე და იგივე ადგილას, იგივე სიმაღლის, იგივე ფორმის და იგივე კონცეფციის ბეტონის ერთიანი ჯებირი ჩაუსხამთ, ახლაც ასხამენ... (იხ. რუხი ფერის) ხოდა რა მაინტერესებს, ქამრის შემოჭერის პოლიტიკის ამბავს როგორ უხდება ეს... P.S. მართალია არაფერ შუაშია, მაგრამ შევარდნაძის დროინდელი ნოუ ჰაუ გამახსენდა, დაშლითაც და აწყობითაც ფულის კეთება რო ჰქონდათ დამუღამებული..." - წერდა ხვიჩია facebook-ის პირად გვერდზე.

 

კომენტარები