უბედური შემთხვევა

აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევამ სამი ადამიანი იმსხვერპლა

ტაბულა

თბილისში, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის გარდა, მძიმედ დაშავდა ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილებიც აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე მუშები არიან. 

"მუშები იმყოფებოდნენ მეოთხე სართულზე. მეოთხე სართულზე მოხდა ნგრევა, მუშები ჩამოდიოდნენ, მესამე და მეორე სართულები ჩამოინგრა და პირველ-მეორე სართულის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ ცხედრები. დაღუპულია სამი მუშა. ერთ-ერთი მუშის გადარჩენა მოესწრო და გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხუთი ბრიგადა, ასევე ორი სახანძრო. ამ მომენტისთვის, საძიებო და გადარჩენითი სამუშაოები დასრულებულია. სხვა დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომ შემდგომი ნგრევა არ მოხდეს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის საფრთხე არსებობს.

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა. შენობაში სამუშაოებს შპს ტიფლის ბიზნესცენტრი ატარებდა. მას ბიზნესცენტრები უნდა აეშენებინა და მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი. 

 

კომენტარები