უბედური შემთხვევა

ქუმსიშვილი შენობის ჩამონგრევაზე: საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული

reportiori.ge

თბილისის ვიცემერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აფაქიძის 13-ში, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ჩამონგრევის ფაქტი ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული.

"პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული შემთხვევა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და ყველა, ვინც არის დამნაშავე აღნიშნულში, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. მეტ კომენტარს მე ამ წუთში აღარ გავაკეთებ", - თქვა ქუმსიშვილმა.

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დღეს ჩამოინგრა. დაღუპულია სამი მუშა. მძიმე მდგომარეობაში იმყოფება კიდევ ერთი ადამიანი. შენობაში სამუშაოებს შპს ტიფლის ბიზნესცენტრი ატარებდა. მას ბიზნესცენტრები უნდა აეშენებინა და მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი.  

"მუშები იმყოფებოდნენ მეოთხე სართულზე. მეოთხე სართულზე მოხდა ნგრევა, მუშები ჩამოდიოდნენ, მესამე და მეორე სართულები ჩამოინგრა და პირველ-მეორე სართულის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ ცხედრები. დაღუპულია სამი მუშა. ერთ-ერთი მუშის გადარჩენა მოესწრო და გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხუთი ბრიგადა, ასევე ორი სახანძრო. ამ მომენტისთვის, საძიებო და გადარჩენითი სამუშაოები დასრულებულია. სხვა დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომ შემდგომი ნგრევა არ მოხდეს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის საფრთხე არსებობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები