დისკრიმინაცია

თალაკვაძე ბრიტანეთის მოქალაქის განცხადებაზე: შსს ემიჯნება დისკრიმინაციას

არჩილ თალაკვაძე
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გამოძიება აუცილებლად დაადგენს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ნესტორ გოგოძის მიმართ, ადგილი აქვს თუ არა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულს. ცნობისთვის, ბრიტანეთის მოქალაქის მტკიცებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და "ინგლისელი ჰომოსექსუალი უწოდეს". არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ემიჯნება ყოველგვარ დისკრიმინაციას.

"ნესტორ გოგოძესა და ა.ს.-ს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტის მონაწილეთა განმარტებით, ნ.გ.-მ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგომ მოქალაქეებს, მათ შორის ა.ს.-ს შენიშვნა მისცა ხმაურთან დაკავშირებით და დაემუქრა, ხოლო ა.ს.-მ საპასუხოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიებაც დაიწყო სსკ 125 მუხლით.

საქმესთან დაკავშირებით ამ მომენტშიც იკითხებიან მოწმეები, მათ შორის ნ.გ. იმის გამო, რომ ნ.გ. თავის საჯარო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მიმართვებს - გამოძიების პროცესში აუცილებლად დადგინდება, არის თუ არა სახეზე დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ემიჯნება ყოველგვარ დისკრიმინაციას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ შსს-ს დანაყოფების მიერ დისკრიმინაციის პრევენციისა და ამ ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიცა სპეციალური დირექტივა, რომლის მიზანიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფაა", - აცხადებს თალაკვაძე.

ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცრის ნესტორ გოგოძის ინფორმაციით, მას 4 ივლისს, თბილისში, გლდანში უცხო პირებმა სცემეს და "ინგლისელი ჰომოსექსუალი" უწოდეს. გოგოძის თქმით, მან მიმართა საპატრულო პოლიციას, რომელმაც მოძალადე მკაცრი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. თუმცა, გოგოძის განცხადებით, მის მიმართ მუქარა გრძელდება.

"მაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თანმხლებ პირებთან ერთად, რის შემდეგაც მომმართა - "შე ინგლისელო ჰომოსექსუალო, შუბლს გაგიხვრიტავ". ბუნებრივია, არანაირი აგრესიული დამოკიდებულება არ გამაჩნია ლგბტ წარმომადგელებთან და ვემიჯნები ყოველგვარ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, თუმცა ვარ ჰეტეროსექსუალი და სულით და გულით ქართველი. ამ ყოველივემ ჩემს ღირსებას ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და არა მარტო ჩემს ღირსებას, არამედ ჩემი ოჯახის ღირსებას, რამეთუ მყავს ძვირფასი მეუღლე და შვილი. ვარ სახელმწიფოებრივი შეგნების ადამიანი და მივმართე საპატრულო პოლიციას, რომელმაც ეს პიროვნება დაკითხვაზე წაიყვანა და მკაცრი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვა, თუმცა ეს ადამიანი კვლავ აგრძელებს მუქარის ტონით საუბარს. დიდი იმედით და მოთმინებით დაველოდები იმას, თუ როგორი შეფასება მოყვება ამ ყოველივეს რიგითი ქართველებისგან და, ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოსგან", - აცხადებს გოგოძე.

 

კომენტარები