UEFA-ს სუპერთასი

ჯოხაძე: საკრებულომ მატჩის ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა

ქეთევან ჯოხაძე
თბილისის საკრებულო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის განმარტებით, საკრებულომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს UEFA-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოსთხოვა.

ჯოხაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბილეთების შეძენას მაჟორიტარი დეპუტატები მათივე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საკუთარი სახსრებით აპირებდნენ.

"საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების ელექტრონულ გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას წერილობით მიმართა, თუმცა, პასუხი მათგან დღემდე არ მიგვიღია. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, მათთვის ბილეთების გარკვეული რაოდენობა მსგავს მატჩებზე მთავრობისა და სახელმწიფო უწყებებისთვის განსაზღვრული ე.წ. კორპორატიული ბილეთებიდან გამოიყოფა", - თქვა ქეთევან ჯოხაძემ.

ქალაქ თბილისის საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას სუპერთასის თამაშზე დასასწრები 300 ბილეთის გამოყოფა სთხოვა. გიორგი ალიბეგაშვილის 2015 წლის 26 ივნისით დათარიღებული წერილი ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ სუპერთასის ბილეთები ჯერ BILETEBI.GE-ს უნდა გაეყიდა, თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ სალაროებში დაიწყო. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ბილეთების შესაძენად რიგი სამი დღით ადრე დაიკავეს.

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები