გაზმომარაგება

ჯარიმაზე საპასუხოდ შემოდგომაზე შესაძლოა აზერბაიჯანმა გაზის მოწოდება შეწყვიტოს

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრომ აზერბაიჯანისგან გაფრთხილება მიიღო შემოდგომიდან გაზის მოწოდების შეწყვეტის თაობაზე. როგორც ტაბულას წყარომ აცნობა, გაფრთხილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, სოკარის დაჯარიმებითაა ნაკარნახევი. საქართველო 80%-ით სოკარის მოწოდებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აზერბაიჯანი საქართველოს ათას მეტრ კუბ ბუნებრივ აირს $160-ად აწვდის, რაც აზერბაიჯანის მიერ სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, მიწოდებულ ბუნებრივ აირთან შედარებით $90-ით ნაკლებია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. სააგენტომ ნავთობკომპანიებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის, 14.4 მილიონიანი ჯარიმა სოკარს დააკისრა. სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2008-2014 წლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. ცნობილია, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 14.4-მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

აღსანიშნავია, რომ წელს სოკარმა საქართველოში ერთ-ერთი ინვესტიცია, კერძოდ კი $700 მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა. სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში წარმოშობილი პრობლემა გახდა.
 
ტაბულა ცდილობს წყაროს ინფორმაციის ენერგეტიკის სამინისტროსთან გადამოწმებას.

კომენტარები