ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

სიჭინავა: ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ

ზვიად სიჭინავა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "მისი შეშინება გაუჭირდებათ". 

"მაქვს სამი უდიდესი სკოლა გავლილი - ზუგდიდის მეოთხე საშუალო სკოლა, ავღანეთი და 90-იანებში მოსკოვი. ამიტომ, მგონია, რომ ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ. იმიტომ, რომ არც ციხის მეშინია, არც დიდი თანამდებობის. ჯერ არავის დავუბარებივართ. ალბათ, ელოდებიან 11 აგვისტოს და შეიძლება მერე დამიბარონ", - თქვა სიჭინავამ.

გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთა კომენტარი.

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა. სახელმწიფო, ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. დღეს, ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით. უნდა იყოს ჩართული არა მარტო ხელისუფლება, მთლიანად, საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა, წლებია მოგვდევს და ყოველ წელს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი იქნება კარგი, გვექნება სიახლე, განვვითარდებით, პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძალიან მძიმე და უნდა შევცვალოთ", - თქვა კალაძემ.

კომენტარები