პრეზიდენტის შეწყალება

NGO-ები: პრემიერის განცხადება ლევან ბობოხიძის შეწყალებაზე შემაშფოთებელია

facebook.com/GaribashviliOfficial

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, შემაშფოთებელია აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება შეწყალების კონსტიტუციური ინსტიტუტისადმი. მათი განცხადებით, ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადება შესაძლოა ჩაითვალოს ღია მოწოდებად პრეზიდენტისადმი, რომ მსჯავრდებულები, წარსული პოლიტიკური საქმიანობისა და კუთვნილების გამო, განსხვავებულ რეჟიმში მოაქციოს და მათთან მიმართებით შეწყალების გამოყენებისას განსხვავებული მიდგომებით იხელმძღვანელოს. NGO-ები აღნიშნავენ, რომ პრემიერმინისტრის კრიტიკა არის მოწოდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლმსაჯულების შერჩევითად და შესაბამისად მკაცრად გამოყენების შესახებ.

"2015 წლის 23 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლევან ბობოხიძის შეწყალების შესახებ, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხონის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლევან ბობოხიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმაა. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ბობოხიძეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო მოხდილი ჰქონდა მხოლოდ მისი ნაწილი - 8 თვე.

აღნიშნული შეწყალების აქტს მყისიერად მოჰყვა მწვავე კრიტიკა საქართველოს პრემიერმინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. კრიტიკის ძირითად საგანს წარმოადგენდა შეწყალების მიზანშეწონილობა შეწყალებული პირის პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით.

ცალსახაა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით აქვს აბსოლუტური უფლებამოსილება, შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული პირი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ შეწყალების აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს და პრეზიდენტი შეწყალების დროს თავად წყვეტს, თუ რა გარემოებების გამო თვლის პირის შეწყალებას მიზანშეწონილად. ამავდროულად, მას არ აკისრია ვალდებულება, დაასაბუთოს შეწყალების აქტი.

ზოგადად შემაშფოთებელია აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება შეწყალების კონსტიტუციური ინსტიტუტისადმი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა სწორედ მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების გამოყენების გამო.

ლევან ბობოხიძის მიმართ გამოყენებულ შეწყალებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა გაგებულ იქნეს ღია მოწოდებად პრეზიდენტისადმი, რომ მსჯავრდებულები, წარსული პოლიტიკური საქმიანობისა და კუთვნილების გამო განსხვავებულ რეჟიმში მოაქციოს და მათთან მიმართებით შეწყალების გამოყენებისას განსხვავებული მიდგომებით იხელმძღვანელოს.

პრემიერმინისტრის მიერ გამოთქმული კრიტიკა სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლმსაჯულების შერჩევითად და შესაბამისად მკაცრად გამოყენების შესახებ, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლებისთვისაც შესაძლოა იქცეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის გზავნილად. მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის განცხადებები უარყოფითად აისახება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მისამართით მნიშვნელოვანი კრიტიკა ისმის როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივებით განხორციელებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და იდენტობა.

 

კომენტარები