რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

"ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი - სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ეს არაა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა - მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე არაა მხოლოდ ქიბარ ხალვაში და მოდავე მხარე არის ხელისუფლება", - თქვა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი არ მოაწერონ უკანონო გადაწყვეტილებებს.

"რუსთავის 2-ის საქმე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საქმე ქართული დემოკრატიისათვის, ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილზე ხელს", - ამბობს გვარამია.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. აღნიშნულს დღეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, "რუსთავი 2-ისა და ქიბარ ხალვაშის საქმეში მთავრობის ჩართულობა ნულის ტოლია".

კომენტარები