პრივატიზაცია

სახელმწიფომ საპრივატიზაციოდ თოიძის სამხატვრო აკადემიის შენობა გამოიტანა

facebook.com/economypr

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა 21-ში მდებარე უძრავი ქონება, თოიძის სახელობის სამხატვრო აკადემიის შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა, - აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა, სოფიო ჭელიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. შენობის საწყისი ღირებულება 8.2 მილიონია. 

შენობის ფართობი 3.8 ათასი კვადრატული მეტრია, მიწის ნაკვეთის მოცულობა კი 4.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. თოიძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ყოფილი შენობის ახალ მეპატრონეს მისი დანგრევა და ახალი ობიექტის აშენებაც შეეძლება. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ შენობა სასტუმროს მოსაწყობად ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს. ობიექტიდან 600 მეტრის მანძილზე თავისუფლების მოედანია, 700 მეტრის დაშორებით კი განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. 

სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. ელექტრონული აუქციონი 18 სექტემბერს, 17 საათზე მთავრდება. 

 

კომენტარები