საქართველოს ეკონომიკა

ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 2.4-ჯერ იკლო

ივლისში ეკონომიკური ზრდა 3% იყო
საქსტატი,

ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 3% შეადგინა, რაც 2014 წლის ივლისთან შედარებით 2.4-ჯერ ნაკლებია. 2015 წლის ივნისთან შედარებით კი ეკონომიკური ზრდა 0.1%-ით არის შემცირებული. 2015 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკურმა ზრდამ 2.6% შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 2.4-ჯერ ნაკლებია.

საქართველოს მთავრობა 2015 წელს 2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, თუმცა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების შეფასებით, შესაძლებელია ამ მაჩვენებელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაც. წელს საქართველოსთვის 2%-იან ზრდას ვარაუდობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს დაგეგმილზე 0.3%-ით ნაკლებად, 4.7%-ით გაიზარდა. მთავრობამ 2015 წლის საპროგნოზო ეკონომიკურ ზრდად თავდაპირველად 5% აიღო, თუმცა ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის გამო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა. 

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ მონაცემს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.

კომენტარები