რიგები საბაჟოზე

შემოსავლების სამსახური: დაწესებული შეზღუდვები უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება

facebook.com/nacionalurimodzraoba

შემოსავლების სამსახურმა ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების გამო დააწესა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მყინვარ დევდორაკის მახლობლად არსებული მეტეოსადგურის უწყვეტი მონიტორინგის შედეგად მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გახდა ცნობილი, რის გამოც 20:30-დან 06:00-მდე მოძრაობა შეზღუდულია.

"საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა 20.30-დან 06.00 საათამდე შეზღუდულია, რაც მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, როდესაც ავტომანქანების რაოდენობა აღემატება მეზობელი მხარის მიერ მათი გატარების შესაძლებლობებს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წარმოიქმნება რიგები. ამას დაადასტურებენ ამ რიგებში მდგომი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებიც.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაფხულის პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საზღვრის კვეთა ამ მიმართულებით. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა გაზრდილია დაახლოებით 56%-ით, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების - დაახლოებით 39%-ით, სამგზავრო ავტობუსებისა - დაახლოებით 72%-ით, ხოლო სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა გაზრდილია დაახლოებით 19%-ით. 
შემოსავლების სამსახური არწმუნებს საზოგადოებას, რომ სამსახურის ყველა რგოლი გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს და ყაზბეგში ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად მოკლებულია რეალურ საფუძველს", - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

გაჩერებული ტრაილერების კოლონის ამსახველი ვიდეომასალა დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. პარტიის წევრის კობა სუბელიანის თქმით, ამ ავტომობილების შეფერხება საქართველოს ეკონომიკის შეფერხების ამსახველი მცირედი ნაწილია. 

ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის ნაწილია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ამ საბაჟოს მეშვეობით წელს საქართველოს ტერიტორიაზე 469 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა.

კომენტარები