გაზის ტარიფი

SOCAR-მა ტარიფების ცვლილების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია „აზუსტებს მედიით დღეს გავრცელებულ განცხადებას კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებების შესახებ" და აცხადებს, რომ „ამ ეტაპისთვის კომერციული სექტორის არცერთი კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება".

ამით SOCAR Georgia Gas-მა რამდენიმე საათის წინ მიღებული საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა, რომლის თანახმად კომერციული მომხმარებლისთვის ტარიფის კორექტირება იგეგმებოდა. კერძოდ, დღეს კომპანიამ გვავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gasს-ის ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებლებზე, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე განისაზღვრება 84 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ახალი სატარიფო პოლიტიკით, ცვლილება უნდა შეხებოდა მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც არსებული ხელშეკრულებებით ტარიფი 84 თეთრზე ნაკლები ჰქონდათ.

კომპანია ასევე აღნიშნავდა, რომ მისი გადაწყვეტილებით, „პურის ქარხნებისთვის, ასევე საბიუჯეტო და საეკლესიო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება".

კომენტარები