გაზის ტარიფი

"წელიწად-ნახევარში 25 მლნ ვიზარალეთ" - თბილისი ენერჯი გაზის ტარიფის გაზრდას ითხოვს

Getty Images

კომპანია თბილისი ენერჯი ბუნებრივი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია წერია, კომპანიამ წელიწად-ნახევარში 25 მილიონზე მეტი იზარალა იმის გამო, რომ დღევანდელი ვალუტის კურსით კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს, ხოლო სემეკის დადგენილებით 26 თეთრად ყიდის. 

"გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით ვალუტის კურსის გამო კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით  ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც  საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.  

აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახურების ტარიფი   არ იცვლება და ისევ 10 თეთრია, სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, თბილისი ენერჯი ითხოვდა და ახლაც ითხოვს  მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას", - წერია განცხადებაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს.

ამ ეტაპზე თბილისის მოსახლეობისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ტარიფი 46.137 თეთრია.

კომენტარები