სამთავრობო ცვლილებები

უსუფაშვილი მინისტრებზე: დარწმუნებული ვარ წარმატებით შეასრულებენ მოვალეობებს

David Usupashvili Official

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრები წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს უსუფაშვილი აშშ-დან გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციას ესწრება. მისივე თქმით, პრემიერს ამ პროცესში პარლამენტის მხარდაჭერა აქვს.

"ის ხალხი ვინც გადაადგილდა, თუ ვინც ჩაიბარა ახალი მნიშვნელოვანი თანამდებობები ძალიან კარგად ვიცნობ მათ, ვიცი მათი შესაძლებლობები, მათი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. მთავრობას აქვს პარლამენტის ნდობა, პრემიერ-მინისტრს აქვს კონსტიტუციით მიცემული უფლებამოსილება ამ ტიპის ცვლილების განხორციელების. იგი უკეთ ხედავს მიმდინარე პროცესებს, უკეთ იცის თითოეული მინისტრის დღევანდელი პოტენციალი, შესაძლებლობები, რომელ უბანზე ვინ სჭირდება. ასე რომ, მას აქვს ჩვენი მხარდაჭერა ამ პროცესში. გასაკვირი რა ნახეთ, მე ეს მიკვირს იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების და საელჩოების დანიშნულებაა იმუშაონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და დღეს, ჩვენს ქვეყანას საგარეო თვალსაზრისით, აქვს ორი ძალიან დიდი პრიორიტეტი - ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყანაში სწორედ ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ასე რომ, პრემიერ მინისტრი თუ თვლის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაზე უნდა იმუშაოს, ეს გასაკვირი კი არა, ძალიან მოსაწონი და მისასალმებელი ამბავია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად გუშინ გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა. კვირიკაშვილი 2012 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. მისი ადგილი კი თბილისის ვიცემერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. 

კომენტარები