მიგრანტები ევროპაში

ევროკავშირი მიგრანტების კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობს

გაერომ ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა თხოვნით, თითოეულმა ქვეყანამ 200 ათასი ლტოლვილი მიიღოს. მანამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კვოტა თითო ქვეყანაში 100 ათასით განისაზღვრება. გაეროს ლტოლვილთა საკითხების კომისარმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა, პირველ რიგში კი საბერძნეთმა, ლტოლვილების მისაღებად საჭირო პირობები უნდა მოამზადონ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მიგრანტების კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობენ. საკუთარი წინადადებები საფრანგეთსა და გერმანიის ლიდერებმა მოამზადეს. ინიციატივის თანახმად, მიგრანტები ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვოტების  მიხედვით უნდა განაწილდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი თურქეთის სანაპიროსთან სირიელი ბავშვების დაღუპვის ფაქტს შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა თავის მორალურ ვალდებულებებს არ ასრულებს.

"ევროპა პრინციპების ერთობლიობას ნიშნავს, ასევე ვალდებულებას, რათა მივიღოთ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში დევნიან. რაც აქამდე გაკეთდა, არასაკმარისია. არიან ქვეყნები, მათ არ დავასახელებ, რადგან მათთან ერთად მუშაობა მოგვიწევს, რომლებიც საკუთარ მორალურ ვალდებულებას არ ასრულებენ. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. არ მსურს, რომ მხოლოდ ემოციებით შემოვიფარგლოთ, როდესაც იღუპება სამი წლის ბავშვი, მისი ასევე მცირეწლოვანი ძმა და უამრავი ოჯახი, რომლებსაც ვერ ვხედავთ და რომლებისთვისაც ფოტოები არ გადაუღიათ", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

უნგრეთში პოლიციამ მატარებლიდან მიგრანტების ძალით ჩამოყვანა და ლტოვილთა ბანაკში წაყვანა სცადა. რამდენიმე ასეულმა მიგრანტმა მატარებლის დატოვებაზე უარი განაცხადა. პოლიციასა და დევნილებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა. მიგრანტებს გერმანიაში გამგზავრება სურდათ, სადაც თავშესაფრის თხოვნას აპირებენ. ისინი უნგრეთში რეგისტრაციაზე და დარჩენაზე უარს ამბობენ. 

ასეულობით მიგრანტი კი ბუდაპეშტის სადგურზე რჩება. ამის გამო ბუდაპეშტიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია. ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ დევნილებს ქვეყნიდან იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ გერმანია მათ მიღებაზე თანხმობას განაცხადებს და ვიზებს მისცემს. სხვა შემთხვევაში, რეგისტრაციის გარეშე ქვეყანას ვერავინ დატოვებს.

უნგრეთის პარლამენტი კენჭს უყრის კანონპროექტებს სასაზღვრო კონტროლისა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.

კომენტარები