არაფორმალური მმართველობა

უსუფაშვილი: არაფორმალური მმართველობა ჯობია თუ ფორმალური დიქტატურა?

"რა არის უკეთესი - არაფორმალური მმართველობის ქონა ქვეყანაში, თუ ოპოზიციის ფორმალური ლიდერი, რომელიც სხვა ქვეყნის სამსახურშია, მეგობარი, მაგრამ სხვა ქვეყნის?" - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვას, რომელიც არაფორმალურ მმართველობას ეხებოდა. კერძოდ, ჩერგოლეიშვილმა დღევანდელ საერთაშორისო კონფერენციაზე უსუფაშვილს ჰკითხა - "პანელს "მთლიანი და თავისუფალი ევროპა" ჰქვია, ამ სივრცეში გვსურს მოხვედრა, მაგრამ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, ჩვენი ინსტიტუტებიც თავისუფალი უნდა იყოს, თავისუფალი - გაუმართლებელი გავლენებისგან. ჩვენ კი ვართ სიტუაციაში, როდესაც არა მხოლოდ ადგილობრივი დამკვირვებლები და საერთაშორისო საზოგადოება, არამედ, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას არაფორმალური და არაანგარიშვალდებული პირი - ბიძინა ივანიშვილი მართავს. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში საქართველოს წარმატება მიზნის მისაღწევად?".

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, "ყველა დაიღალა ამ კითხვებით - ვართ თუ არა დემოკრატიული სამყაროს წევრი, მართლა გვინდა თუ არა NATO-ში შესვლა, გვსურს თუ არა დამოუკიდებელი საქართველო". მისივე შეფასებით, არაფორმალური მმართველობა ცუდია, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ქვეყანას დააქცევს, არასწორია. 

"რაც შეეხება მმართველობას, არაფორმალურ მმართველობას და ა.შ., პირველ რიგში, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი იმ არაფორმალური ლიდერის გავლენის ხარისხს, რომელსაც გულისხმობთ, ბატონი ივანიშვილის. მაგრამ დავსვამ კითხვას: რა სჯობს, ფორმალური დიქტატორის ყოლა ქვეყანაში თუ პიროვნების, რომელიც ინარჩუნებს პროცესებზე არაფორმალურ გავლენას? რა არის უკეთესი - არაფორმალური მმართველობის ქონა ქვეყანაში, თუ ოპოზიციის ფორმალური ლიდერი, რომელიც სხვა ქვეყნის სამსახურშია, მეგობარი, მაგრამ სხვა ქვეყნის? ვხუმრობდი ბოლო თვეების მანძილზე - პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა გყავს, ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები, მრავალი თვის მანძილზე ვეძებდი ამ გაერთიანებების ლიდერებს, იმიტომ, რომ ივანიშვილის კოალიცია ქართული ოცნების ლიდერად მოიაზრება და მე ის ალბათ ორჯერ თუ ვნახე ბოლო 6 თვის მანძილზე. ბატონი სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ლიდერი და ყველამ იცით, რომ ის დაკავებულია და ირაკლი ალასანიაც გაქრა რამდენიმე თვით ქვეყნიდან, მაგრამ ახლა აქ არის და შემიძლია, ვესაუბრო ერთ-ერთი ძალის ლიდერს. არაფორმალური მმართველობა ცუდია და მე მას არ ვიცავ. მაგრამ, ამავე დროს, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ პატივისცემა და გავლენა საზოგადოებაში. არაფორმალური მმართველობა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ჭრილში განვიხილავთ, ცუდია და თუ ის არსებობს, უნდა გავაბათილოთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინსტიტუტები - პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი მმართველობა, ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ქვეყნის მთავარი პრობლემაა, და ის ქვეყანას დააქცევს, და ეს ერთადერთი რამაა, რაც ქვეყანაში ხდება, არა მგონია, ეს სწორი იყოს", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები