სამხედრო სავალდებულო სამსახური

კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ცვლილებები სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ზურაბ ჯაფარიძემ წარადგინა. მისი თქმით, არსებულ სისტემას არანაირი კავშირი არ აქვს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. დეპუტატმა სტატისტიკური მონაცემებიც წარადგინა, რომლის მიხედვით, 2015 წელს წვევამდელთა მხოლოდ 25% იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში, დანარჩენი კი - დაცვის პოლიციაში ან სხვადასხვა უწყების დაცვაში. ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო იყენებს ახალგაზრდებს, როგორც უფასო მუშახელს.

ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს. ოპონენტების განცხადებით, მომხსენებელი მოუმზადებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ინიციატივით თავდაპირველად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია გამოვიდა. როგორც ალასანია ინტერვიუებში აღნიშნავდა, შეიარაღებულ ძალებში უნდა მსახურობდნენ მხოლოდ პროფესიული განათლების მქონე ადამიანები. თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრსაც მიაჩნია, რომ სამხედრო სამსახური მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს. მისი თქმით, 2016 წლის ბოლომდე სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს და ის მზადაა, მივიდეს ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის.

ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივის განხილვა პარლამენტის სხვა კომიტეტებში გაგრძელდება, შემდეგ კი სესიაზე გავა. რაც შეეხება არსებულ სისტემას, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სამსახური სავალდებულოა, თუმცა არსებობს საკონტრაქტო არმიაც.

კომენტარები