აქციები მოსამართლეების სახლებთან

უსუფაშვილი: საკონსტიტუციოს მოსამართლეების განცხადება აბსურდული და უსაფუძვლოა

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ განცხადებას, რომ მისი გუშინდელი კომენტარი შესაძლოა, მოსამართლეებსა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის გამართლებად და წახალისებად აღიქმებოდეს. უსუფაშვილი საგანგაშოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ასეთი მოსაზრებები, შთაბეჭდილებები და ვარაუდები ექმნებათ.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, გუშინ, 21 სექტემბერს, გამოაქვეყნა თავისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება "შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება". მიუხედავად ამ ვარაუდის აბსოლუტური უსაფუძვლობისა და აბსურდულობისა, საგანგაშოა თავისთავად ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რაღაც მიზეზთა გამო, ექმნებათ ამგვარი მოსაზრებები, შთაბეჭდილებები და ვარაუდები. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ თემაზე საჯარო დებატებში შესვლა. ამასთანავე, იმავე მიზეზის გამო, საჭიროდ ვთვლი, უცვლელად შემოგთავაზოთ ჩემი კომენტარი:

"მე მინდა, რომ ყველას, მათ შორის, მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ; მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას".

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვარაუდი გამართლდა და ამ განცხადებას რომელიმე მოქალაქე აღიქვამს, როგორც მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის გამართლებად და წახალისებად, ვთხოვ, დამიკავშირდეს და რაიმე, უფრო გასაგები ენით ავუხსნი, რომ აქ საუბარია გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემის და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპების დაბალანსებულ დაცვაზე", - წერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან აქციები იმართება, სადაც გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მიხედვით კი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კომენტარები