ლარის გაუფასურება

ქადაგიძე: ინფლაციური მოლოდინი ძალიან მაღალია

საქართველოს ეროვნული ბანკი

"სამწუხაროდ, ინფლაციური მოლოდინი ძალიან მაღალია", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ქადაგიძის თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ჯამურად ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ზე ცოტა მეტია. თუმცა, ინფლაციური მოლოდინი საკმაოდ მაღალია.

"სამწუხაროდ, ჩვენი სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი არის იმპორტის კომპონენტი. მიუხედავად ამისა, ასევე არის დადებითად მოქმედი ტენდენციები, როგორიც არის ნავთობის რეკორდულად დაბალი ფასი. ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიც არის ხორბალი, შაქარი, ზეთი, ფასები შემცირებულია, რაც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, ჯამურად ინფლაცია სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, არის 5%-ზე ცოტა მეტი. თუმცა, სამწუხაროდ, ინფლაციური მოლოდინი არის ძალიან მაღალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას. ხვალ არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, სადაც ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ეს ტვირთი", - განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები