ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრა

ეროვნულმა ბანკმა 23 ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველს უმასპინძლა

facebook.com/nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისმა "ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას“ უმასპინძლა. შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. ცენტრალური ბანკის მმართველებმა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემის შესახებ იმსჯელეს - ვალუტის გაცვლითი კურსი და მაღალი დოლარიზაცია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კლუბის წევრი 23 ქვეყნის მმართველი - ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ჩინეთის, უკრაინის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხორვატიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვას, მონტენეგროს, რუსეთის, სერბიის, სლოვენიის და ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკებიდან.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყება ორმხრივი სავალუტო სვოპ გარიგებების მოსამზადებელი სამუშაოები და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცემა წვდომა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.

ცენტრალური აზიის, შავი ზღვის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკის მმართველთა კლუბი 1998 წელს დაარსდა. მმართველთა კლუბის მთავარი მიზანი რეგიონში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და საბანკო სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

კომენტარები