სოხუმის დაცემის დღე

კანცელარიასთან მცოცავ ოკუპაციას და ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია "არა ოკუპაციას" მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი აფხაზთა კრებაა. შეკრებილები მცოცავი ოკუპაციის შეჩერებას და მთავრობისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ.

"ჩვენ ჩავატარეთ სხვადასხვა ღონისძიება და დღეს გვაქვს დამაგვირგვინებელი აქცია - არა ოკუპაციას. სამიზნედ შემთხვევით არ აგვირჩევია საქართველოს ხელისუფლება. დღეს ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა და ის ატარებს კაპიტულანტურ-კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, მთელი ის უბედურებები, რომელიც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია" - აცხადებს აფხაზთა კრების ლიდერი მალხაზ პატარაია.

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი შოთა მალაშხია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან, თუმცა ამ ტიპის მოლაპარაკებებით რუსეთთან პრობლემა არავის გადაუწყვეტია.

"თანამედროვე რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ შეგვიძლია ერთიანი ანტიიმპერიული ფრონტის შექმნა. ამ შანსს ხელიდან უშვებს დღევანდელი პრორუსული ხელისუფლება, ის მოწყდა საერთაშორისო ორბიტას, ცდილობს რაღაც მოლაპარაკებები რუსეთთან აწარმოოს. დღეს არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში რუსეთთან ამ ტიპის მოლაპარაკებებით საკითხები არ გადაუწყვეტია. ამიტომ ვფიქრობთ აქტიური მოქმედების დრო დადგა. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება და მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც სერიოზულად იფიქრებს საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებაზე" - აცხადებს მალაშხია.

აქციის მონაწილეებს ადგილზე გაშლილი აქვთ ნატოს დროშა, ასევე წარმოდგენილია აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. 27 სექტემბერს საქართველოში ტრადიციულად ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავენ. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კი აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან.

კომენტარები