პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

გაბაშვილი: ქვეყანაში ბატონობს არა კანონი, არამედ ივანიშვილი

დარწმუნებული ვარ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონია დღეს განზრახვა ყოფილიყო ცინიკური, მაგრამ ზოგჯერ არის ვითარება, რომ არა სიტყვებია ცინიკური, არამედ ვითარება, რომელშიც არის ეს სიტყვები ნათქვამი, თავად ამ სიტყვებს ცინიზმად აქცევს. ბატონმა პრეზიდენტმა არისტოტელეთი დაიწყო, ბრაძანა, რომ თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონები ბატონობენ და არა ინდივიდები. არისტოტელე ამბობდა, რომ თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელშიც ბატონობს არა კანონი და არამედ მოქალაქე და ჩვენს ქვეყანას არისტოტელეს ფორმულირება, „მოქალაქე" უფრო კარგად უდგება, ვიდრე ინდივიდი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ვიცით რეალურად ვინც მართავს. ამ ქვეყანას მართავს არაუფლებამოსილი პირი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს პირადი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია მისი პირადი თანამშრომლებით, რომლის ძალოვანები არის მისი პირადი დაცვის ხელში, რომლის ყველა სტრუქტურა ემორჩილება მას. და ქვეყანაში ყველაფერი, საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობა, ხელისუფლების ყველა შტო, თვითმმართველობები და ყველაფერი, ექვემდებარება ამ ერთი ადამიანის ნებას. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა, გამორიცხავს იმ მთავარს, რაც თავშივე ნათქვამი იყო - რომ თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც მართავს არა კანონი, არამედ მართავს ერთი ადამიანის ნება-სურვილი და ახირებები. ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი თავის სიტყვას წარმოთქვამდა, ციხისძირში ასწლოვან ხეებს ბულდოზერებით გლეჯდნენ და გადაჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის ეზოში, იმიტომ, რომ ბატონ ბიძინას ძალიან უყვარს გიგანტური ხეები. თუ ბატონი ბიძინა იტყვის, სამი სამინისტრო ერთმანეთს მისწერს და მოსწერს წერილებს და დინამიტით ააფეთქებენ საყდრისს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, იმიტომ, რომ ასე სჭირდება მის ბიზნესს. ეს არის ის რეალობა, რომლის ფონზეც საუბარი იმაზე, როგორ უნდა დავხვეწოთ ჩვენი თავისუფლება არის ცინიზმი, იმიტომ რომ არ შეიძლება დახვეწო ის რაც არ არსებობს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლაზე

კომენტარები