შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

პაიჭაძე: ბატონო ბიძინა, უკან არ დაიხიოთ

ბატონო ბიძინა, უკან არ დაიხიოთ! ნუ უყურებთ ამათ, "კავკასიელი (sic!) ტყვე ქალის" გამო რომ დაგცინიან. ეს ფილმი ტყუილად არ იყო მაშინდელი მაყურებლის საყვარელი სურათი. ის ღრმად ანტისაბჭოთა ნაწარმოებია, რომელიც ამხელს მაშინდელ სისტემას (ისევე როგორც თანამედროვე ქართული კინოს დიდოსტატის მარჯვენის, გოგა ხაინდრავას გადაღებული "ჰეროკრატია"); საახოვი, რომელიც განასახიერებს საბჭოთა ხელისუფლებას მოცემულ რაიონში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკრავს თავს არსებითად პოლიტიკურ ოპონენტს - სწავლულს, ინტელიგენტს, ახალგაზრდა, იმედისმომცემ პროფესიონალს, რომელიც ეროვნული კულტურით, სახელდობრ ფოლკლორით არის დაინტერესებული. ამხელს წვრილმან თაღლითებს, რომელთაც გასაქანი ეძლევათ იმდროინდელ საზოგადოებაში. სსრკ-ში არავის გაუბედავს საბჭოთა ხელისუფლება ღიად დაედანაშაულებინა ოპონენტების დევნაში სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენებით. ლეონიდ გაიდაიმ ეს გაბედა. და თქვენ ეს შენიშნეთ, ბატონო ბიძინა! მეტიც, ბატონო ბიძინა, ამავე რეჟისორის სხვა კომედიებიც გაძლევთ საფუძველს სოციალური კრიტიკისა და ადამიანის შესახებ მსჯელობისათვის. "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" გვეუბნება, რომ სახელმწიფოს სათავეში შეიძლება მოექცეს (თუნდაც ერთი დღით) პიროვნება აბანოს დირექტორის ინტელექტით და წარმართავდეს საერთაშორისო მოლაპარაკებებს, მას ჰმორჩილებდნენ ძალოვანი სამსახურები და არმია, ხელისუფლებას ძალაუფლების გამყარებაში ეხმარებოდეს სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც ბედოვლათ ლიდერზე უფრო სიმპათიურად გამოიყურება. თქვენი ძალუმი გონება, მწამს, არ დაახანებს, იპოვოს საჭირო პარალელები ცხრა წელთან (საბჭოთა წარსულთან ხომ თავისთავად. იქ კრიმინალიტეტი კომუნისტების ხელში სოციალური კონტროლის მექანიზმი იყო, ძალიან რთულად ხომ არ ვლაპარაკობ, ბატონო ბიძინა?!
"ბრილიანტის ხელი", ბატონო ბიძინა, "ბრილიანტის ხელი". ჯერ მარტო სათაური ნახეთ, როგორ შეიძლება მისი ხელიდან გაშვება თქვენი ელვარე მსჯელობის დროს არგუმენტების მოშველიებისას? კრიმინალი იქაც შესანიშნავ მდგომარეობაშია, კრიმინალები მომხიბლავი პერსონაჟები არიან, არაფერი აკლიათ, ფულიც ბლომად აქვთ, არაფორმალური გავლენაც, კავშირები საერთაშორისო კრიმინალთან. და ადამიანი, ბატონო ბიძინა, ჩვეულებრივი, წესიერი საბჭოთა ადამიანი, ეგ ორმოცწლოვანი ობიექტი თქვენი მოუღლელი გონებაჭვრეტისა - როგორია ის? რაც უნდა პატიოსანი იყოს, ცოლის ერთგული, გულუბრყვილო, ლოიალური - ის მაინც ორგანოებს უჭირავთ ლაყუჩებით, მაინც სპეცსამსახურები მწყემსავენ, მაინც მისი მეშვეობით იადვილებენ დანაშაულთან ბრძოლას. რით არ არის ეს საბჭოთა სისტემის მხილება, სოციალური კრიტიკის შესანიშნავი ნიმუში, რომელიც აყალიბებს (თქვენებრ!) ჩვენს წარმოდგენებს სინამდვილეზე? რით არ გაძლევთ ეს ფილმები ხელში ოთხ კიკოს (ტუზია ქართულად), როცა მოგინდებათ, ანთროპოლოგიას შეეთამაშოთ ან იმ ცხრა წელს გაუცოცხლოთ შემხმარი სისხლი? ახლა, როცა ახლო არს ჟამი, ხომ ირწმუნეთ, რომ მუდამ თქვენი ერთგული გულშემატკივარი ვიყავი? ახლა ხომ მაინც ახერხებთ თქვენ და აფასებთ სიტუაციას ისე, როგორც მე ეს წარმომიდგენია? დავშთები თქვენი სასახლის ლურჯი ბახილების მტვრად.

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე Facebook-ში წერს.

კომენტარები