საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

იღუმენი ლუკა: ფარისევლობა გვჭამს, მზად ვართ, გავთელოთ ყველა, ვინც ჩვენნაირი არაა

ვაკვირდები რა ხალხის მსოფლმხედველობას, დავასკვენი, რომ საქართველოში მთავარია: გქონდეს გრძელი (სასურველია ჭაღარა) თმა-წვერი, მოღუშული სახე, არ იღიმებოდე, თითქოს მთელი სამყაროს ტკივილი იტვირთე, ხელში გეჭიროს რაც შეიძლება გრძელი სკვნილი (300-იანი) და დამაჯერებელი ტემბრით საუბრობდე დაზეპირებული თეოლოგიური ტერმინოლოგიით, რომელსაც ვერც იაზრებს ვერავინ და არც ცდილობენ. მერე, თუნდაც გულში დედას იგინებოდე და შურით და სიძულვილით იყო სავსე, უკვე მზად ხარ გაგატოლონ რომელიმე ღვთაებას, დითირამბებით გამკონ და შენ სადარად აღარავინ ჩათვალონ. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით, (არ მაქვს თავმდაბლობა და იმიტომ) ფარისევლობის სენი გვჭამს ერს. გვირჩევნია ჩვენს მიერ შეთხზული ლეგენდების მონები ვიყოთ ოღონდ სიყვარულის მეუფე ქრისტე არ გავიხსენოთ, მზად ვართ ჩავქოლოთ, გადავთელოთ, ჯვარს ვაცვათ ყველა, ვინც ჩვენნაირი არაა, თავს ვიქებთ, ამდენი კონფესიაა ჩვენს ქვეყანაშიო და ამდენი საუკუნის მანძილზე როგორ ვუფრთხილდებითო და ამავე დროს თვითონ ჩვენი ეკლესიის წევრს ისე გადავუვლით ქრისტეს სახელით, რომ კაიაფას გაუკვირდებოდა მზგავსი სისასტიკე.

მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ილია მართალი, როცა ამას ამბობდა და ცდილობდა ერი გამოეფხიზლებინა, ისე მოკლეს დღემდე აგვდის ერს მისი სისხლის სუნი, დღემდე გატენილია ბერდენკა იმისათვის, ვაი თუ ვინმე მსგავსი არ დაიბადოს საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, მაპატიეთ მაგრამ, ეს არაა რჩეული ერი და არც ღვთისმშობლის წილხვედრი, თუ ტერიტორიაზეა ლაპარაკი არ ვიცი მაგრამ ხალხი და პირველ რიგში მე ნამდვილად არ ვიმსახურებთ ქრისტეს დედა მივიკუთვნოთ. იესოს ვთხოვ, ერთმანეთის ცოდვების ჩხრეკას დაგვანებებინოს თავი და საკუთარი ცოდვები დაგვანახოს, გაგვაძიეროს და გაგვხადოს ღირსები ვატაროთ ღვთისმშობლის წილხვედრნი. შენდობას გთხოვთ, პირველი მე ვარ ვინც ამ უმზგავსობის სათავეში ვდგავარ და ვშიშობ ესეთი არ წარვდგე სამყაროს მეუფის წინაშე.

წერს facebook-ის პირად გვერდზე ლისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი

კომენტარები