კალაძე: მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება, ამას ვწყვეტთ მე და ქალაქის მთავრობა

კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება, ის მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულიად მიუღებელია. ასევე, სრულებით მიუღებელია, რომ ეს ადამიანები და პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას.

ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ მეგობრებო, მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ - დედაქალაქის მთავრობა. მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ, ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს და მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას.

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

კომენტარები