დაბინძურებული ჰაერი თბილისში

კალაძე ჰაერის დაბინძურებაზე: ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვი ზღვაში წვეთია

სრული კატასტროფაა, რაც თბილისში ხდება. დაახლოებით 500 ათასზე მეტი ავტომანქანა გადაადგილდება დედაქალაქში. ყოველწლიურად 7 პროცენტით იზრდება უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომანქანების მაჩვენებელი და მათი 98% ძველია. სამწუხაროა, რომ სოციალურ ქსელში, ძირითადად, ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოსურათებს აზიარებენ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ჩვენი ავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 600-650 ერთეულია, აქედან 143 ახალია, დანარჩენი ძველი. ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მე ვამბობდი, რომ ჩემი მერობის პირობებში პარკი მთლიანად ჩანაცვლდებოდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ავტობუსებით და ეს ნამდვილად ასეც მოხდება - ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ გვრჩება უფრო სერიოზული პრობლემა - კერძო ავტომანქანები, რომლის 90 პროცენტზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თანაც კატალიზატორებს იღებენ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფილტრია გამონაბოლქვისთვის და ყიდიან. მე მგონია, პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა. ამან შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მონაწილება მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“.

კომენტარები