სამხედრო სავალდებულო სამსახური

სესიაშვილი: ფსევდორელიგიური ორგანიზაციების გამო, შეიძლება გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს

სამწუხარო რეალობაა, როდესაც ჩვენ, ფაქტობრივად, ამ ფსევდორელიგიური ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო, შეიძლება გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს.

მე თქვენ მოგიყვანთ სტატისტიკურ მონაცემებს, დღევანდელი მოცემულობით, ამ მუხლით სარგებლობს 5 მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, 165 იეჰოვას მოწმე და 6 908 ბიბლიური თავისუფლების წარმომადგენელი. კანონმდებელს თავის დროზე ჰქონდა კეთილი მიზანი, რომ მართლაც, სასულიერო პირებს ჰქონოდათ საშუალება, არ წასულიყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ემოღვაწევათ თავიანთ სასულიერო გარემოში, ამ შემთხვევაში ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება ხდება. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა.

მე მესმის, რომ ვიღაცას გაწვევის სისტემა მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ისიც მესმის, რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდებისთვის მაინცდამაინც მიმზიდველი არ არის სამხედრო სავალდებულო სამსახური, მაგრამ ეს ის მოცემულობაა, როცა ქვეყანას სჭირდება

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. სესიაშვილის ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება. 19 მარტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, გადაიდოს კომიტეტებზე მისი ინიციატივის განხილვა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიმართოს დისკუსია.

კომენტარები