შალვა შავგულიძე

შავგულიძე: რუსეთი განახლებული ძალებით გვიტევს, ეს არ ხდება ივანიშვილის ხელშეწყობის გარეშე

ჩვენ ყველა დავდექით იმ საშიშროების წინაშე, რომ ვხედავთ, როგორი განახლებული ძალით ხდება რუსული ძალის შემოტევა ქართულ პოლიტიკაში და ვხედავთ, რომ ეს არ ხდება ქართული ოცნების და რეალურად, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმის და ხელშეწყობის გარეშე. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოდ კი არ ჩამოაყალიბა, არამედ, ავტოკრატიული მმართველობა დაამყარა და ავტოკრატიული წესით მოწყობილი სახელმწიფო ვერ გახდება ევროპული და ცივილიზებული სამყაროს ორგანული ნაწილი. ეს სახელმწიფოებრივი მოწყობა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, არის უმთავრესი დამაბრკოლებელი გარემოება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

კონკრეტული მაგალითები: ვხედავთ რის ფასად გაიყვანა ივანიშვილმა პრეზიდენტად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც სახელმწიფო ინტერესებისთვის ასეთი საზიანო განცხადებები გააკეთა - აგვისტოს ომის დაბრალება ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე და უკვე პრეზიდენტის რანგშიც განაცხადა, რომ ამერიკული ბაზები სახიფათოა ჩვენთვის და ა.შ. ასევე, ჩვენ ვხედავთ გენერალური შტაბის უფროსის განცხადებებს, როცა აფხაზეთის ომს სამოქალაქო ომი უწოდა. 9 მაისს კი ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი გამონათქვამები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, როცა ადგილობრივი მოსახლეობა ატარებდა აქციებს, რომლებიც მიმართული იყო იმაზე, თითქოს რუსეთი არ არის ოკუპანტი და განმათავისუფლებელია. საქმე იმაშია, რომ აქციას ესწრებოდა და ჩართული იყო ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი. მან თქვა, რომ ეს ხალხის აზრია. მაშინ, როცა კონსტიტუციით გვაქვს აღიარებული ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რეფერენდუმზე აქვს მოსახლეობას ეს ნება მყარად გამოხატული, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ამართლებს ასეთ არასახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ გამონათქვამებს. რა ქნა ქართულმა ოცნებამ, მოკითხა პასუხი ამ დეპუტატს? ვინ არის თავმჯდომარე? ბიძინა ივანიშვილი.

თვითონ არ დაიჭერს ეს ადამიანი რუსულ დროშას და ამ დარტყმას არ აიღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ასე ხელშეწყობით, სხვადასხვა სუბიექტების გაჩენით... უნდა მოხდეს ჭეშმარიტად დასავლური პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება ფრონტის ერთ ხაზად, რათა გავუძლოთ რუსულ ხისტ თუ რბილ ძალას და მათი კომბინაციების შემოტევას, რასაც არამარტო ხელს არ უშლის, ხელს უწყობს ქართული ოცნება.

კომენტარები