ადა მარშანია

მარშანია ლომჯარიას: არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი, გაუგებარი მსოფლმხედველობა გაქვთ

იცით რა, ჩვენ თქვენი დამტკიცების დროს არ მოგვრიდებია, მკაფიოდ დავაფიქსირეთ და ახლაც ვიმეორებ: თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი. მონაწილეობას ვიღებდი იმ კანონპროექტში, როდესაც ომბუდსმენის კანონზე ვმუშაობდით. მართალია, თქვენ ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით. ჩვენ ბევრ ფუნდამენტურ საკითხებს სულ სხვადასხვანაირად ვხედავთ და ჩვენთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილია. თქვენ უნდა ყოფილიყავით უფრო ცნობილი, ავტორიტეტიანი, საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. შეიძლება, მომავალში ასეც იყოს იმიტომ, რომ თქვენ ისეთი შრომისუნარიანობა გამოამჟღავნეთ...

არ გეწყინოთ ახლა ეს თქვენ. ჩვენს უბედურ ქვეყანაში, რომელიც ასე მძიმე დღეშია, სახალხო დამცველი რასაც ჰქვია "სახალხო ადამიანი" უნდა იყოს და მას უნდა ჰქონდეს უდიდესი ავტორიტეტი და ძალიან მაღალი ნდობა. რატომ არ გაქვთ ახლა ეს თქვენ? - თუნდაც აი, თქვენივე პასუხებიდან გამომდინარე. ჩვენს კოლეგა ბატონ ემზარს როგორ უპასუხეთ ეროვნებაზე, ძალადობაზე. ეს თქვენი პასუხები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმიტომ, რომ მსოფლმხედველობა გვაქვს სხვადასხვანაირი.

ნუ აფეტიშებთ ევროპულ ინსტიტუტებს! გეუბნებით ამას მე, პარლამენტის წევრი! მე ძალიან კარგად მესმის, რას გეუბნებით. ნუ აფეტიშებთ საერთაშორისო ინსტიტუტების დებულებებს და შეხედულებებს, პირველ პლანზე დააყენეთ ჩვენი ეროვნული ინტერესი, ეროვნული იდენტიფიკაცია, ჩვენი ქვეყნის და ერის სახე. ეს არის ჩვენი თხოვნა, რჩევა და ჩვენი მკაფიო პოზიცია

ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა.

კომენტარები