ქრისტეშობა 2020

მეუფე მელქისედეკი: შობას განსაკუთრებით ვულოცავ ოკუპაციის ცოდვისგან დაზიანებულ ადამიანებს

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო!
ქრისტე იშვა!


ვმადლობთ უფალს, რომელმაც ღირსი გაგვხადა კიდევ ერთხელ გვეზეიმა მისი გონებითმიუწვდომელი შობის სიხარული, შობისა, რომელიც უჩვეულო გრძობით აღავსებს თითოეული მორწმუნის გულს.


როგორც უკვე ვთქვით, ამ დღესასწაულის სიდიადეს სრულად ვერ ჩავწვდებით, მაგრამ შეძლებისდაგვარად შევეცადოთ გავიაზროთ თუ რატომ იშვა ღმერთი, რატომ გახდა იგი ადამიანი. გონების ოდნავი დაძაბვაც საკმარისი იქნება იმის მისახვედრად რომ ესაა სიყვარული ადამიანისა და სიყვარული მთელი შესაქმისადმი. დიახ! ქრისტე განკაცდა ყველასა და ყველაფრისათვის, განა ამას არ ვგალობთ თითოეული საღვთო ლიტურგიისას, როდესაც წმინდა ძღვენს ავამაღლებთ? “შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის”. რადგან ადამიანის დაცემით დაეცა მთელი შესაქმე, სწორედ ადამიანური ბუნების თანამონაწილეობითვე უნდა მომხდარიყო მთელი შესაქმის კურნება და შემდეგ კვლავ საღვთო წიაღში დაბრუნება. აი ამაზე გვაფიქრებს შობის სიხარული, რომელიც თავის გზას გადის ჯვარცმამდე, რომელსაც თავის მხრივ აუცილებლად მოჰყვება აღდგომა.

შესაბამისად რას გვასწავლის ჩვენ შობის მისტერია? სიყვარულს ადამიანისა და მთელი ქმნილებისადმი, თან უბრალო სიყვარულს კი არა- უანგაროს, რომელიც სულგრძელია, კეთილმოწყალე; არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; (შდრ. 1 კორ. 13, 4-7).


შობის ბრწყინვალე დღესასწაული მინდა განსაკუთრებით მივულოცო ოკუპაციის საშინელი ცოდვის მოქმედთაგან დაზიანებულ ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც თანამედროვე ჰეროდეებისაგან უამრავ ტანჯვასა და გვემას იტანენ მხოლოდ იმის გამო, რომ ,,კოლექტიურ ჰეროდეებს“ არ სურს საკუთარ ძალაუფლებას შეელიონ! გქონდეთ იმედი, რომ ბოროტება დამარცხდება, ჰეროდე აუცილებლად დაეცემა და სიყვარული გაიმარჯვებს!
და ბოლოს, ისევე როგორც ნებისმიერი საეკლესიო დღესასწაული, შობაც უბრალო ზეიმად დარჩება, თუ ვერ გავითავისებთ მის უმთავრეს არსს - მის მნიშვნელობას ყოველდღიურ პრაქტიკაში, ადამიანებთან ურთიერთობაში გამოყენებას. ამისთვის კი უმთავრესად საჭიროა, რომ ჩვენი გული მოვუმზადოთ ქრისტეს, გავუთბოთ ბაგა და აღმოსავლელი მოგვების მსგავსად ვახაროთ მთელ სამყაროს, რომ ქრისტე იშვა!

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ეპისკოპოს მელქისედეკის საშობაო ეპისტოლე

კომენტარები