1 წელი 20 ივნისიდან

მაკო გომური: მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს

ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

"ეს ის გოგოა, აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს."
გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია?
არა, არ იცით, მარტო იმათ ვიცით, ვისაც რუსთაველზე თვალი ამოგვთხარეს.

და რის გამო?
ან ვის გამო?
ან ვინ?
ან რატომ?
რას ვუშავებდი?
რას ვაშავებდი?

კითხვები,მხოლოდ კითხვები.
პასუხების გარეშე.
კითხვები,რომელიც გჭამს, ტვინს გიჭამს, ქაოსს ქმნის.
ქაოსს, რომელსაც ერთი წელია, ვერ დავაღწიე თავი.

გარეთ ასეთი ვარ - ლაღი,კარგი,მხიარული,ათასი და კიდევ ათი ათასი სისულელე.

სინამდვილეში, ყოველთვის დიდი ქაოსია თავში, გონებაში.
რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა, გააგებინო.
რადგან გინდა, იყვირო, ისე იყვირო,როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე, როგორც ორი დღის წინ ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე, შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

ხო, 20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა.
ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ხოლმე.

გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები.

როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ხოლმე.

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

შენ ძლიერი ხარ
სადაც აქამდე მოხვედი, ცოტაც რა,
დაიკიდე, რას გეტყვიან

ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი, ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

ხალხი?

მათიც მესმის, დაღლილია, დათრგუნულია, ვეღარ იგებენ, ვინ მართალია,რომელია სწორი გზა და ა.შ.

იმ ქალისაც მესმის, პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს "ნაციონალისტი" რომ მეძახა.
შეიძლება, ჩვენი ბრალიცაა.
საკმარისად ვერ ვაჩვენეთ,ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა, არ ვიცი.

უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ.
რადგან ასე არაა.
და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ.
მე ვარ 19 წლის ბავშვი,რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.
რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიპოვი.

წერს Facebook-ის გვერდზე მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის დარბევის დროს თვალი დაკარგა.

კომენტარები