არჩევნები 2020

ხუნდაძე: ოპოზიციის მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნები, შეიძლება, იტალიური სცენარის საფუძველი იყოს

ოპოზიციის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად ძვირი დაუჯდება და შესაძლოა, საქართველოში "იტალიური სცენარი" მივიღოთ. 

ოპოზიცია საზოგადოებას ფინალურ აურზაურს სთავაზობს, თანაც იმ დროს, როცა საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსს მისი გავრცელების მეორე ტალღის პიკურ ფაზაში ებრძვის. 

საკოორდინაციო საბჭო ცდილობს, მაქსიმალური დატვირთვა აარიდოს ჯანდაცვის სექტორს, რომელიც, პრაქტიკულად, ბრძოლის წინა ხაზს წარმოადგენს. მობილიზება უკეთდება სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს, არა მომუშავე მედპერსონალს, რომ დაეხმარონ მოქმედ ექიმებს პაციენტების მართვაში. პოლიცია მაქსიმუმს აკეთებს, ზიანის გარეშე დაიცვას წესრიგი. მობილიზება უკეთდება ქვეყანაში მარაგებს. აქტიური კომუნიკაციაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფინანსების მოსაზიდად. მიმდინარეობს მუშაობა შესაძლო ვაქცინის უსწრაფეს შემოტანაზე ქვეყანაში. უპასუხისმგებლო ოპოზიცია კი დესტრუქციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნების ცდუნებით სამსხვერპლოზე უშვებს საკუთარ მომხრეებს, რომლებიც რამდენიმე დღეში საკუთარი თავის და უმრავლესობის ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ წარმოჩინდება. მათი უსაფუძვლო მოთხოვნა კი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, მითუმეტეს, პანდემიის გამწვავების ფაზაში, შესაძლოა, "იტალიური სცენარის" საფუძველი გახდეს. ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები