სტურუა: უკრაინაში ჩასული ჩვენი ექს-ჭკვიანი აუხსნის ხალხს რა არის პოლიტიკა

რა უცნაური ხალხი ყოფილა უკრაინელები: ეძებენ ქვეყნის პრეზიდენტს, რომ გაასამართლონ ჩადენილი დანაშაულის გამო - თავისუფლების შეზღუდვის, საკუთარი მოქალაქეების დარბევის, სისხლის ღვრის, ქურდობის, საკუთარი ოჯახის წევრების უკანონო გამდიდრების, უამრავი საპრეზიდენტო რეზიდენციების ქვეყნის ბიუჯეტის თანხებით აგების გამო?!... ეძებენ, რათა გაასამართლონ... თქვენ წარმოგიდგენიათ?! არა, ჩვენთვის ეს გაუგებარი რამაა! ახლა კიდევ, მომავალ პარლამენტში, მინისტრების სიებში არ ვიხილოთ ადამიანები, ვინც ადრე კრიმინალურ პრეზიდენტს ემსახურებოდაო?! არა, არა, აქეთ გადმოიხედეთ, ჩვენთან პირიქით, ჰუმანიზმი პირველ რიგში! მკვლელი? რასაკვირველია, უნდა შევიბრალოთ,- ადამიანები არა ვართ? ვიღაცამ ვიღაც გააუპატიურა (რა მოხდა - კაცია, თუ ქალი) - რატომ ბოროტდებით, ძმებო? კაცია და არ უნდა გავუგოთ?! ხოდა, ნახეთ რა ტკბილ შედეგებს მივაღწიეთ! მართალია, ისინი ჩვენ გვაბრალებენ იმ დანაშაულს, რაშიც ასე დაოსტატდნენ. ჩვენგან მოითხოვენ კაცთმოყვარეობას, ადამიანის უფლებების დაცვას, და ძალიან კარგი! ჩვენ პირდაღებულნი ვუსმენთ და ვსწავლობთ დემოკრატიის პრინციპებს. აი, ვიღაც ლამაზი მომღერალი გაიძახის, მე მიყვარს მკვლელებიო, მეორე ლოგინში უწვება, ქურქი აჩუქეს. ასე არ სჯობს?! ეს უკრაინელები კი რაღაც ნამეტანი ბოროტი ხალხი ყოფილა, ეტყობა ძალიან ვერ იტანენ საკუთარ ნაძირალებს... ტყუილად კი არ ჩავიდა მაიდანზე ჩვენი ექს-ჭკვიანი კიევში, ალბათ აუხსნის რაა პოლიტიკა.... ისწავლეთ, ისწავლეთ უკრაინელებო, თუ მშვიდობა გინდათ. კოაბიტაციასაც შეგახსენებს ევროკავშირის ვინმე პედოფილი თუ მექრთამე... და იცხოვრეთ ასე, ლამაზად და ტკბილად: ჭამეთ ვარენიკები არაჟანში ამოვლებული და წიწაკიანი ჰორილკა დააყოლეთ... უხ, შენი, არ გვიჯერებენ, მაინც მოითხოვენ იანუკოვიჩის დასჯას... მაშინ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ...

ამის შესახებ რობერტ სტურუამ თავის Facebook გვერდზე დაწერა.

კომენტარები