21 მარტის აქცია

გაბაშვილი: საჭიროა ხმამაღალი პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, გადადგეს

ათეულობით ათასი ადამიანი მოატყუეს. არც 220-ლარიანი პენსია მისცეს, არც ტაიფი გაუნახევრეს, არც 100 ქარხანა გაუხსნეს, არც სამუშაო ადგილები მისცეს და ცინიკურად ეუბნებიან, წადით, დაბანდება ისწავლეთ ფულის, რომელ ვალუტაში იქონიოთ თქვენი დანაზოგებიო. ამის პასუხად საზოგადოება უნდა გამოვიდეს ქუჩაში და თქვას: თქვენ გაკოტრდით, თქვენ არ გაქვთ პოლიტიკა, თქვენ გვაკოტრებთ ჩვენ, თქვენ საქართველოს მთავრობა კი არა გაკოტრების კომპანია ხართ, რომელიც ქვეყანას აზის თავზე, ატყუებს და შეურაცყოფას აყენებს და ამიტომ უნდა წახვიდეთ. წასვლის მექანიზმებად არ მივიჩნევ, ერთ დღეს რომ შევიკრიბოთ და იმავე დღეს დავასრულოთ ხელისუფლება. აპოკალიფტურ სცენარებზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ. მაშინ, როდესაც მთავრობა ამბობდა, რომ მესამე წელი იქნებოდა ძალიან კარგი, დავდექით კატასტროფის წინაშე. ნახევარ მილიონამდე ქართული ოჯახი არის ძალიან რთულ ვითარებაში. ვფიქრობ, ეს არის ის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და თავისი სათქმელი თქვას. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი საშუალება ექნებათ ოპოზიციურ ფრაქციებს, აამოქმედონ საპარლამენტო, კონსტიტუციაში არსებული ყველა მექანიზმი, იმისათვის, რომ ეს მთავრობა მშვიდობიანად გავუშვათ და მოვიდეს მთავრობა, რომელიც დაიწყებს ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას. როგორც პარლამენტშია საჭირო აქტიური პოზიციის ქონა და აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ მთავრობას პასუხი აგებინო, ასევე საჭიროა, რომ პროტესტი საზოგადოებამ გამოხატოს. ხმამაღალი საპროტესტო გამოსვლა ყოველთვის აიძულებს ხელისუფლებას ბევრ რამეს გადახედოს.

აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოკა გაბაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაგეგმა.

კომენტარები