თეთრი მარტორქის საჩუქარი

ღამის კლუბში ორი მოცეკვავის და ბარმენის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის და მანამდე, ტაქსისტის დაყაჩაღებისთვის, მოსამართლემ 35 წლის ერიკ ჯეიმს ტორპის, გისოსებს მიღმა სანატორიუმი 30 წლით გამოუწერა. ტორპიმ სიტყვა ითხოვა, ადვოკატს თავზე ხელი მოუთათუნა და მოკლედ მოჭრა: „ერთი უმნიშვნელო თხოვნა მაქვს. არ ვაპირებ თავის მართლებას. რაც გავაკეთე, გავაკეთე და სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. უბრალოდ, თუ შეგიძლიათ, თავისუფლების აღკვეთა კიდევ სამი წლით გამიზარდეთ. 33 ნომრით ჩემი კერპი, ლარი ბერდი თამაშობდა”. ტორპის თხოვნა დააკმაყოფილეს. 

 
უესტ ბეიდენში (ინდიანა), ჯორჯია და კლოდ ჯოზეფ „ჯო” ბერდების ოჯახში სულ სიმშვიდე იყო. დილის 5 საათიდან ჯორჯია აეროპორტში დამლაგებლად მუშაობდა, შემდეგ ისვენებდა, ავტობუსით ქალაქის მეორე ბოლოში გადადიოდა და ასაკოვან ცოლ-ქმარს უვლიდა. საღამოს, ჯორჯია ღამის კლუბში მოლარის ჯიხურში იჯდა. ის მშვიდი ქალბატონი იყო.
 
ჯო ბერდი ძირითადად, სახლში იყო. კორეის ომმა მას პოსტტრავმატული სტრესი დაუტოვა, ჯო თავის საყვარელ სავარძელში იჯდა და ფიქრობდა. სულ ფიქრობდა. 1974-ში დაფიქრდა, მოწესრიგდა, ახალი პერანგი მოიცვა და ვენები გადაიჭრა. ჯორჯიამ მეუღლის გადარჩენა მოასწრო. ჯო ერთხელაც დაფიქრდება ყველაფერზე. ჯორჯიაზე, პატარა ლარიზე, რომელმაც ეკლესიის წინ აფროამერიკელი დაიცვა და ხულიგნებმა სახის ძვალი გაუტეხეს. ჯო დაფიქრდა ომზე, შემდეგ გააღო კარადა, გამოიღო მონადირის დანა და ვენები კიდევ ერთხელ გადაიჭრა. ჯორჯიამ მეორედ ვეღარ გადაარჩინა ჯოზეფი. ორი თვით ადრე ჯორჯიამ ჯოზეფი მიატოვა, მაგრამ კორეის ომის ვეტერანმა ოროთახიანი ბინა დაწვა და დროებით, ყოფილ
ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად. 
 
ლარიმ დაკრძალვაზე დააგვიანა. სასაფლაოზე მისულს, იქ მესაფლავის გარდა არავინ დახვდა. ჯორჯიას სადღაც აგვიანდებოდა, ბიძამისი სან ფრანცისკოში თავის საყვარელთან გადაფრინდა და ბებო, 89 წლის ჯულია ბერდი მოხუცებულთა თავშესაფარში დააბრუნეს. საღამოს, ჯორჯიამ ლარის ახალი ფეხსაცმელი მოუტანა. ლარის ეძინა, დედიკომ კი საჩუქარი კარადასთან დაუდო. იმ ღამეს ჯორჯიას ინსულტი დაემართა. გადარჩა, მაგრამ მეტყველების უნარი დაკარგა. 
 
მეორე დღეს ლარიმ, რომელიც მაშინ ინდიანას უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის კაპიტანი იყო, გაყიდა მშობლების ძველი სახლი, ჯორჯიას მომვლელი აუყვანა და ბანკიდან სესხად 5 ათასი დოლარი გამოიტანა. ვარჯიშის შემდეგ, ლარი სახლში ბრუნდებოდა, დედას ეფერებოდა, ძილის წინ ლოცვას კითხულობდა, მშობელს აძინებდა და ისევ სავარჯიშოდ გადიოდა. 100, 200 ზუსტი სროლა, მოგვიანებით 300 და 400. მალე ბერდის ღამის სესია 500 ზუსტი სროლით დაიტვირთა. 
 
ლარიმ დაფარა სესხი და მეორე ბანკიდან 15 ათასი დოლარი გამოიტანა. შვილმა დედიკოს  პატარა სამოთხე აჩუქა. კოხტა ბაღში ჯორჯიას საყვარელი ხე, ბაობაბი იდგა. იშვიათი ხე ლარის მეგობრის საჩუქარი იყო. იმ ბაობაბთან ვარდების ორი რიგი გადიოდა, შუაში კი წითელი ქვის ბილიკი იჭრებოდა. ორი ჰამაკი, ბამბუკის მაგიდა და ორი სავარძელი. იქვე დარბოდა, ცელქობდა ლარის როტვეილერი, 2 წლის რუდოლფი.
ლარი უვლიდა ჯოს საფლავს და როდესაც 1978 წლის დრაფტზე ბერდი ბოსტონ სელტიქსმა აირჩია, მან მთელი საღამო სასაფლაოზე გაატარა. ხალხი გაკვირვებული აკვირდებოდა მაღალ სუბიექტს, რომელიც მორყეულ სკამზე იჯდა და თავისთვის საუბრობდა. დანაზე, რომლითაც ჯომ თავი მოიკლა, იყო ციფრების სერია, ბოლო ორ სამიანს კი „ნატო მილიტარის” ლოგო ყოფდა. წლების წინ, ლარიმ ლოგო ამოაგდო და ინდიანაში ორი სამიანი გააერთიანა. ბერდმა პროფესიული კარიერაც 33 ნომრით დაიწყო და დაასრულა.
 
ლარის კალათბურთიც სევდიანი, მაგრამ უნაკლო იყო. სხვები დაფრინავდნენ, ლარი კი დინჯად გადადიოდა მოედნის ერთი ნახევრიდან მეორეზე და ენერგიას ზოგავდა. თუ სამწამიანში მარტო რჩებოდა ან პირველ შეტევაში გარბოდა, ერიდებოდა სლემს. იღებდა ქულებს, საშინელ ულვაშს ისწორებდა და სულ ზემოთ იხედებოდა. 
 
ინდიანას უნივერსიტეტში, ლარის პირველმა მწვრთნელმა ბობი კინგმა მომავალ ლეგენდას ეგრევე უთხრა, თუ გინდა, რომ დაკუნთულმა „ნიგერებმა” არ დაგჩაგრონ, სევდა ზიზღით და დაუნდობლობით შეცვალეო. წარმოიდგინე, თითქოს პატარა ანტილოპებს უყურებ, შენ კი თეთრი მარტორქა ხარ, უნდა გაიქცე და ყველა გადათელოო. ბერდის კალათბურთში ზიზღმა  და დაუნდობლობამ ოროთახიანი აპარტამენტები მაინც ვერ დაირტყეს, მაგრამ ლარი სულ ცოტათი, ოდნავ დაუნდობელი მაინც გახდა. 
 
ბერდთან ძმაკაცობა რთული იყო. მშვიდი, მაგრამ საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი გენიოსი ერიდებოდა ხმაურს, თამაშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და ოჯახურ ფოტოალბომებს ათვალიერებდა. ჯორჯია სავარძელში იჯდა და შვილს თვალებით ეფერებოდა. ლარი დედას აძინებდა, ისვენებდა და სავარჯიშოდ გადიოდა. 
 
ბერდს ერთი ძმაკაცი მაინც ჰყავს. იმ ძმაკაცმა დილის ხუთ საათზე დაურეკა. ლარი, მგონი ვკვდები, მეშინია, მცივა, ლოგინიდან ვერ ვდგებიო. ბერდმა გააღვიძა მეზობელი, ჯორჯიასთან დატოვა, მაგიდაზე 500 დოლარი დადო და აეროპორტში გავარდა. ძმაკაცის დასამშვიდებლად. ლარიმ ერვინ ჯონსონთან ერთი კვირა იცხოვრა და ურჩია, იქნებ კარიერა დაასრულოო. 1991 წლის 7 ნოემბერს ჯონსონმა მოაწყო ბრიფინგი და კარიერის დასრულების განცხადება გააკეთა. მეჯიქი შიდსის ვირუსის მატარებელი იყო. 
მალე კალათბურთიდან ბერდიც წავიდა. 
 
...1992 წლის ოლიმპიადაზე ამერიკელებს უნდა ჩაეყვანათ გუნდი, რომელიც მთლიანად დიდი ხალხით იქნებოდა დაკომპლექტებული. პირველი და განუმეორებელი Dream Team, კალათბურთის ვაგნერები და სთოუნები, დილანები და ნიკოლსონები, თითქმის ღმერთები და ღმერთების ფავორიტები.
 
ამ ნაკრების კაპიტანი ლარი ბერდი უნდა ყოფილიყო. ამერიკას ასე უნდოდა. ბერდი, რომელსაც ქრონიკული დისკოზი ჰქონდა და ბერდი, რომელმაც 1992 წლის 12 იანვარს მარჯვენა მუხლის მყესები გაიწყვიტა. ბერდმა თავაზიანი უარით გაისტუმრა მთხოვნელები. 
 
იმავე საღამოს ლარის მეჯიქმა დაურეკა. ლარი, ბარსელონაში ნამყოფი არ ვარ და რას იტყვი, ბილეთი რომ აგიღო და ერთად გადავფრინდეთო. ბერდს გაეცინა და მეჯიქს ჰკითხა, შენ თუ ითამაშებო. ჯონსონმა კი, აბა მართლა ესპანეთის დათვალიერება კი არ მინდაო. ბერდი იმ ნაკრების კაპიტნად დანიშნეს, მაგრამ ლარიმ უარი თქვა კაპიტნობაზე და მოითხოვა, კაპიტანი მეჯიქი უნდა იყოსო. Dream Team-ს ბარსელონაში ორი კაპიტანი ჰყავდა, პოპულარული ხეიბარი ლარი ბერდი და შიდსით დაავადებული, ბუნჩულა მეჯიქ ჯონსონი. 
 
...„ლარი, ორი დღის წინ პირველად მომატყუე. რესტორანში მითხარი, რომ გავა წლები და კალათბურთში ახალი ლარი ბერდი იქნება. ლარი, მიყვარხარ და გთხოვ, მეტი აღარ მომატყუო. მეორე ლარი ბერდი აღარ იქნება”, – ბერდის გაცილებაზე მეჯიქი ამ სიტყვების შემდეგ ატირდა. 
იმავე წელს ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი თეთრ სახლში, ამერიკის პრეზიდენტმა დაპატიჟა. ბერდმა ჯორჯ ბუშს სელტიქსის სრული ამუნიცია აჩუქა. პრეზიდენტთან შეხვედრა ორ საათში დასრულდა. ბერდი და მეჯიქი თეთრი სახლიდან გამოაცილეს. 
 
მეჯიქი ლოს ანჯელესში გადაფრინდა, სადაც ამანათი დახვდა. მწვანე პარკში „ნატო მილიტარის” დანა იყო. ის დანა, რომლითაც ჯო ბერდმა თავი მოიკლა. იქვე იყო პატარა ბარათი და სიტყვები, „სიყვარულით და პატივისცემით, მეჯიქს ლარისგან. მინდა, რომ ეს შენ გქონდეს”. 

კომენტარები