სიძულვილით რუსეთიდან

1932  წელს, მოსკოვში მომუშავე ჟურნალისტმა უოლტერ დიურანტიმ პულიცერის პრემია მიიღო. დიურანტი New York Times-ის რეპორტაჟებში საბჭოთა ყოფას აღწერდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ მისი მთავარი დამსახურება სტალინის ეპოქის საშინელებათა ოსტატურად მიჩუმათება იყო. განსაკუთრებულ წარმატებას ჟურნალისტმა „გოლოდომორის” უარყოფის საქმეში მიაღწია – შიმშილისა, რომელმაც მრავალი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დიურანტის დაჯილდოებიდან რვა ათწლეულმა განვლო. რუსეთის გავლენის არეალი თითქმის ორჯერ შემცირდა და მოსახლეობამაც ამდენადვე იკლო. დასამალი კი მოსკოვს დღესაც ბევრი აქვს.

შაბათს, 11 დეკემბერს, კრემლისპირა მანეჟის მოედანზე რამდენიმე ათასი ნაციონალისტი შეიკრიბა. მიტინგის საბაბი მკვლელობაში ეჭვმიტანილ დაღესტნელთა ქრთამის სანაცვლოდ გაშვების ჭორი გახდა. თუმცა, მანიფესტანტებს „ძირს კორუფციული რეჟიმი” არ უყვირიათ და არც მსგავსი შინაარსის პლაკატები სჭერიათ. შეკრების ლაიტმოტივი თავიდანვე კავკასიელებისადმი სიძულვილი იყო. გაისმოდა ნაცისტური ლოზუნგები. მომიტინგეები არც ჰიტლერის ცნობილი ჟესტის გამეორებას ერიდებოდნენ. ძალოვანთა თვალწინ დაასახიჩრეს „არასლავური გარეგნობის” შემთხვევითი გამვლელები — ჩურკები (აზიელები) და ხაჩები (კავკასიელები).

რუსმა ძალოვანებმა კი მაინცდამაინც შაბათს გადაწყვიტეს „თავშეკავების” დემონსტრირება. ჩვეულებრივ, მილიციისთვის მომიტინგეთა კეთილ ზრახვებში დაეჭვებაც საკმარისია დარბევის გასამართლებლად. ნაცისტების მიტინგი, ყველაფერთან ერთად, არასანქცირებულიც იყო, მაგრამ მათ ლიდერთან მოსკოვური მილიციის შეფი ერთი ერთზე სალაპარაკოდ გავიდა და სახიდან შავი ნიღბის მოხსნაც „ვერ აიძულა”. შინ მიმავალ ექსტრემისტთა ჯგუფები ქუჩებსა და მეტროში ცდილობდნენ კავკასიელების გამოჭერას და იქ უსწორდებოდნენ. მეორე დღეს, უმიზეზო თავდასხმას 37 წლის ყირგიზის სიცოცხლე შეეწირა.

ერთი შეხედვით, კრემლმა მოვლენების განვითარებას წერტილი 15 დეკემბერს დაუსვა. მოსკოვის ცენტრში შეკრებილ ულტრანაციონალისტებსა და კავკასიელებს მასშტაბური შეტაკება არ დასცალდათ. მილიციის სპეცდანიშნულების რაზმი (ომონი) ორივე მხარეს „უცერემონიოდ” მოეპყრო და ათასამდე ადამიანი დააკავა. თვითმხილველთა ცნობებით, ოთხშაბათს მომიტინგეთა შორის უფროსკლასელები ჭარბობდნენ, რომლებიც შაბათის „გმირებს” ნაკლებად ჰგავდნენ. მოსკოველი უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ დაუსჯელი ნაცისტები რასობრივი ბრძოლის ფრონტს ნელ-ნელა პერიფერიაზე გადაიტანენ. შესაძლოა, ვითარება დროებით ჩაწყნარდეს, მაგრამ მათი გრძნობები და აქტივი არ შესუსტებულა.

კრემლი თამაშობს შავებით

ნეონაცისტური ორგანიზაციები დღევანდელ რუსეთში შავი ასეულების მოდერნიზებულ ვარიანტად გვევლინება. თუკი მე-19 საუკუნეში შავრაზმელებისთვის ცარიზმის ღიად მხარდაჭერა დასაშვები იყო, დღესდღეობით ნაცისტებისა და ხელისუფლების აშკარა ალიანსი წამგებიანია. თუმცა, მიზნები და მეთოდები უცვლელია.

ისევე, როგორც შავრაზმელები, რუსი ნეონაცისტებიც ყველა უბედურების უკან უცხოტომელთა, მათ შორის ებრაელთა ინტერესებს ხედავენ. „ჟიდების” მარწუხებისგან მამულის დახსნის მოწოდებები შაბათს მანეჟის მოედანზეც გაისმა. ნეონაცისტების ინტერპრეტაციით, კავკასიელები და აზიელები გლობალური ებრაული შეთქმულების ხელში ინსტრუმენტები არიან.

რადიკალური დაჯგუფებების აქტივობის შედეგად, საზოგადოების ერთი ნაწილი ქსენოფობიურია, მეორე კი ქსენოფობიით შეშინებული. ორივე ნაწილი მოვლენების „უკონტროლოდ” განვითარებას უფრთხის, უკონტროლობა კი გამიზნულად ასოცირდება დემოკრატიასთან და ლიბერალიზმთან. შედეგად, ყველა მკაცრი ცენტრალიზებული მმართველობის საჭიროებაში რწმუნდება.

ექსტრემიზმისა და რუსეთის ხელისუფლების კავშირზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ პუტინ-მედვედევის მთავრობის „კაგებეშნიკური” ფესვები. КГБ-ს სკოლა გავლილი აქვს როგორც პუტინს, ისე კრემლის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს, მოძრაობა Наши-ს სულისჩამდგმელ ვიაჩესლავ სურკოვს. მათთვის ქსენოფობთა გამოყენება მეფის რუსეთიდან გადმოყოლილი ლამაზი ტრადიციაა.

ქსენოფობიურობითა და დასავლური სამყაროს სიძულვილით გამოირჩევიან „დერჟავის’’ გარეთ მოქმედი პრორუსული ძალებიც. საკმარისია გავიხსენოთ ქართველი რელიგიური ექსტრემისტები და მათ შორის ყველაზე გავლენიანი მეუფე იობი. საკუთრივ რუსეთში, კრემლის მიერ კონტროლირებადი საზოგადოებრივი ავტორიტეტები იზოლაციონისტური რიტორიკით ნეონაცისტებს იდეოლოგიურ ფონს უქმნიან.

ჰიტლერის რეჟიმი ოცი წლის დამარცხებული იყო, როდესაც მსოფლიო ებრაულ-კაპიტალისტურ შეთქმულებასთან ბრძოლა გერმანელი მემარცხენე ტერორისტების ცენტრალური იდეა გახდა. ისევე, როგორც კრემლი, ისინი უპირისპირდებოდნენ გლობალური მჩაგვრელის ხატებას – აშშ-სა და მისი მოკავშირეების უკან მდგომ მისტიკურ ძალებს. დასავლელი ინტელექტუალების ნაწილის (ლენინის ტერმინოლოგიით, „სასარგებლო იდიოტების”) თვალში ეს მათ ინდულგენციას ანიჭებდა. აშშ-სთან დაპირისპირების იდეისთვის, დაშვებული გახდა მემარცხენე ტერორისტების ნებისმიერი დანაშაულის „ვერშემჩნევა”, მიჩქმალვა ან გამართლება. კრემლიც იმავე პრივილეგიით სარგებლობს.

საინფორმაციო ცალკარა

ადამიანთა უფლებების შელახვა და ეთნიკური დაპირისპირება არ წყდება, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე პუტინი ახალ-ახალ ძღვენს იღებს. რუსეთს უკვე აქვს 2014 წლის ოლიმპიადა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ორივე ჩრდილოეთ კავკასიაში ეწყობა, რაც მოსკოვს, რეგიონში სასურველი ცვლილებების განხორციელებისთვის, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.

რა გასაკვირია – ძლიერი ბიჭები ხომ ყველაფერს იღებენ, ასეთი კი დღეს პუტინია. მის მეტყველებასა და ჟესტიკულაციაში შერწყმულია მაჩოს, კანონიერი ქურდისა და თავდადებული სამხედრო მეთაურის იმიჯი. ის მკაცრი და სამართლიანია; ძიუდოისტია – აქვს დაკუნთული სხეული, რომლის ჩვენებასაც არასოდეს ერიდება. და ეს არ არის ყველაფერი: პუტინი მღერის Blueberry Hill-ს საქველმოქმედო საღამოზე, რასაც (ფეხზე წამომდგარნი) ტაშს უკრავენ ჟერარ დეპარდიე, შერონ სტოუნი და მიკი რურკი. პუტინი CNN-ზე ლარი კინგის ბოლო სტუმრად გამოცხადდა. და მან წარმატებულად ჩაიბარა საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი. როგორც ერთ-ერთმა აღფრთოვანებულმა ინტერნეტმომხმარებელმა აღნიშნა, რუსეთის პრემიერი ცხოვრებაში ახერხებს იმას, რასაც ჯეიმს ბონდი ეკრანზე ვერ ახერხებდა.

პიარზე რუსეთი რესურსებს არ იშურებს. სწრაფი ტემპებით ვითარდება ინგლისურენოვანი პროპაგანდისტული არხი Russia Today (რუსეთი დღეს). მისი მეშვეობით, მსოფლიო უკვე არა მხოლოდ „დერჟავის” წინსვლის ამბებსა და კრემლის ბინადართა სამაგალითო ბუნებას, არამედ გახრწნილი დასავლეთის მამხილებელ თეორიებსაც ეცნობა.

ამ ფონზე, დამაფიქრებელია მსხვილი დასავლური მედიის პასიურობა რუსეთში არსებული პრობლემების გაშუქებისას. გამონაკლისი არც ნაცისტების ბოლოდროინდელი მოქმედებები იყო, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, ზედაპირულად გაშუქდა. სტატიებში დიდი ადგილი  მედვედევის „კატეგორიულ” განცხადებებსა და ინტერნეტით გავრცელებულ შეტყობინებებს – ტვიტებს დაეთმო, სადაც ის ხაზს უსვამს ეთნიკური დაპირისპირების მიუღებლობას. თუმცა, შეუმჩნეველი დარჩა სხვა, შიდა მომხმარებელზე გათვლილი გზავნილები.

„მათ, ვინც ეთნიკური დანაშაულებრივი დაჯგუფებების რიგებს ავსებს და შემდეგ ჩვენს ბიჭებს ესვრის, ამოვძირკვავთ. ჩვენს ქალაქს ვიღაც ახალგამომცხვარ დედჰასანებსა და მათ მიმდევრებს არ დავუთმობთ... იგორ სვირიდოვის მკვლელები ციხეში იმდენად დიდხანს უნდა ისხდნენ, რომ ჩვენს ქალაქში აღარასოდეს ვიხილოთ”, – განუცხადა სურკოვმა გაზეთ Известия-ს. ადვილი წარმოსადგენია, როგორ აღიქვამს ისედაც ნაცისტურად განწყობილი ახალგაზრდობა მსგავს ფრაზებს, რომლებშიც საზოგადოება „ჩვენებად” და „ეთნიკურ ჯგუფებად” იყოფა და კრიმინალი ეთნიკურ უმცირესობებს უკავშირდება, დასჯის გზები კი ფრივოლურად არის წარმოდგენილი.

რუს მაღალჩინოსანთა ნაკლებად ფრთხილი გამონათქვამების შეუმჩნევლობა პრობლემის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. ზოგიერთმა დასავლურმა გამოცემამ და ტელევიზიამ შაბათის მოვლენების გაშუქებისას საერთოდ არ მოინდომა ნაცისტურ ლოზუნგებსა და ჟესტებზე აქცენტირება და ვერც დასახიჩრებული კავკასიელები შეამჩნია.

„მანეჟის მოედანზე დროითი სარტყელების გაუქმებას 3 ათასი ადამიანი აპროტესტებდა”, – ასე დაიწყო CNN-ის ნახევარწუთიანი რეპორტაჟი 12 დეკემბრის მოსკოვიდან. ლეგენდარული ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა არათუ აქციის მიმდინარეობის ნიუანსები, მისი მიზეზი და მიზანიც ვერ დაადგინეს.

ამასობაში, ერთთვიანი Wikileaks-ი (ქართულად ვიკი-ჟონვა) ვიკი-წარღვნად იქცა. შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებში სიმძაფრის დანახვის მოთხოვნილება ჟურნალისტთა ცნობიერებიდან სწორედ მუქთა კაბინეტური სენსაციების ნაკადმა წალეკა – ფარული ცნობების ბუმით მოცული მსოფლიოსთვის „დღისით, მზისით” მომხდარი ამბის არსში გარკვევა უინტერესო აღმოჩნდა. შესაძლოა, ჟურნალისტების ნაწილი ობამასა და მისი „გადატვირთვის პოლიტიკის” ხათრითაც ერიდება რუსეთში მიმდინარე „უშნო” პროცესების გაშუქებას.
ორივე შემთხვევაში, ბუნებრივია, დიურანტის ისტორია გაგვახსენდეს.

მედიის მართვის ავტორიტარული მეთოდებითა და აგენტურის აქტიური გამოყენებით, რუსეთი საინფორმაციო ომში დღემდე წაუგებელია. დამაიმედებელია, რომ სახელმწიფო საზღვრები ინფორმაციის გავრცელებას ვეღარ ზღუდავს. ეს თუ აიძულებდა CNN-ს ხუთი დღის დაგვიანებით შეცდომის აღიარებას, სხვებს კი შედარებით სერიოზული რეპორტაჟების მომზადებას.

 

კომენტარები