ჭადრაკი: დღეს ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან

თბილისში მიმდინარე ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატზე მეოთხე ტური დასრულდა. ამ დროისთვის ტურნირს უკვე ჰყავს ერთპიროვნული ლიდერი. ეს არის ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე, რომელსაც ოთხი შეხვედრის შემდეგ ოთხი გამარჯვება აქვს. ბოლო თამაშში მან რუსი ნადეჟდა კოსინცევა დაამარცხა.

რაც შეეხება ევროპირველობაზე ქართველების გამოსვლას. ჯერჯერობით ათ საუკეთესოს შორის ორი ქართველია. 3.5 ქულით ბელა ხოტენაშვილი მესამე ადგილზეა. 3 ქულა აქვს ლელა ჯავახიშვილს, რომელიც ამ შედეგით ჯერჯერობით მეათე ადგილზეა.

დღეს ლიტველი ლიდერი ჩმილიტე, მეორე ადგილზე მყოფ სომეხ ელინა დანიელიანს ეთამაშება. ბელა ხოტენაშვილის მოწინააღმდეგე კი ანასტასია ბოდნარუკი იქნება. ამ უკანასკნელსაც ქართველის მსგავსად 3.5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ლელა ჯავახიშვილს, მას ამჯერად ქართველ ინგა ჭარხალაშვილთან მოუწევს თამაში.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა; 2504) – 4.0; 2. ელინა დანიელიანი (სომხეთი; 2506) – 3.5; 3. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო; 2470) – 3.5; 4. ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი; 2419) – 3.5; 5. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი; 2567) – 3.0; 6. ბაირა კოვანოვა (რუსეთი; 2361) – 3.0; 7. კატერინა ლაჰნო (უკრაინა; 2530) – 3.0; 8. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2506) – 3.0; 9. ევგენია ოვოდი (რუსეთი; 2404) – 3; 10. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2454) – 3.

კომენტარები