ჭადრაკი: ქართველების მატება ათეულში

ევროპის ქალთა საჭადრაკო ინდივიდუალურ  ჩემპიონატზე მეხუთე ტურის შეხვედრები დასრულდა. ამ დროისათვის ათეულში საქართველოს ოთხი წარმომადგენელი იმყოფება - ბელა ხოტენაშვილი, ნაზი პაიკიძე, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ხურციძე. ყველა მათგანის ანგარიშზე ხუთი შესაძლებლიდან ოთხი ქულაა.

ამ ტურის ყველაზე დიდი სენსაცია ახალგაზრდა ქართველის, ნაზი პაიკიძის გამარჯვებაა მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერ, რუს ნადეჟდა კოსინცევასთან. პაიკიძემ მოწინააღმდეგეს შავი ფიგურებით აჯობა.

საერთოდ კი, ქართველთაგან ყველაზე წინ ჩემპიონობისათვის რბოლაში ბელა ხოტენაშვილია, რომელიც მეორე ადგილზეა, ტურნირს კი კვლავაც ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე ლიდერობს. მან ჯერჯერობით ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა და 5 ქულა დააგროვა. ბოლო ტურში მისი მეტოქე სომეხი ელინა დანიელიანი იყო, რომელსაც მანამდე მეორე ადგილი ეკავა.

ისე კი უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის ტურნირების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრების ბოლო ეტაპის კარგად ჩატარებაა. ევროპის ჩემპიონატზე 11 ტური უნდა გაიმართოს. აქედან გამომდინარე, ბოლოსკენ მოჭადრაკეები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იღლებიან და სწორედ ამ დროს გამოდის წინა პლანზე კლასი.

მეექვსე ტურის უმთავრესი დაპირისპირება მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერის ვიტორია ჩმილიტესა და ბულგარელი ევროპისა და მსოფლიოს ექსჩემპიონის ანტოანეტა სტეფანოვას შეხვედრაა.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა; 2504) – 5.0; 2. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო; 2470) – 4.0; 3. კატერინა ლაჰნო (უკრაინა; 2530) – 4.0; 4. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2506) – 4.0; 5. ნაზი პაიკიძე (საქართველო; 2408) – 4.0; 6. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2454) – 4.0; 7. პია კრამლინგი (შვედეთი; 2468) – 4.0; 8. ნინო ხურციძე (საქართველო; 2436) – 4.0; 9. ანა უშენინა (უკრაინა; 2468) – 4.0; 10. ლილიტ გალოიანი (სომხეთი; 2377) – 4.0

კომენტარები