იერუსალიმის საპატრიარქომ რუმინეთის ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა

იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 9 მაისს წმინდა სინოდის სხდომაზე ”ერთხმად და მწუხარებით” მიიღო გადაწყვეტილება გაწყვიტოს ევქარისტიული კავშირი რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ამოიღოს საეკლესიო დიფტიქიდან რუმინეთის პატრიარქის, უნეტარესი დანიელის სახელი. ორ ადგილობრივ ეკლესიას შორის კონფლიქტმა თავი რამდენიმე თვის წინ იჩინა. რუმინეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა იერუსალიმის საპატრიარქოს იურისდიქციაში რუმინული ტაძრის მშენებლობა ადგილობრივი პატრიარქის, უწმინდესი თეოფილეს ნებართვის გარეშე დაიწყეს.

ტაძრის მშენებლობის დაწყებისთანავე, იერუსალიმის პატრიარქმა პროტესტის წერილი გაუგზავნა მოძმე ეკლესიის პირველ იერარქს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ თუ ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია თვითნებურად ააშენებს წმინდა მიწაზე საკუთარ საყდარს, საქმე საბოლოოდ კანონიკურ ქაოსამდე, ე.წ პოლიარქიამდე მივა. უწმინდესი თეოფილე მესამე ასევე აფრთხილებდა რუმინელ კოლეგას, რომ კანონიკურ სასჯელს დაადებდა მშენებარე ტაძრის წინამძღვარს, ხოლო შემდეგ გაწყვეტდა ურთიერთობას რუმინეთის საპატრიარქოსთან.

საპასუხო წერილში რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა განმარტა, რომ მისი საპატრიარქო ტაძრის მშენებლობით ეჭვქვეშ სულაც არ აყენებს იერუსალიმის საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციას. წერილში ნათქვამი იყო, რომ თანამედროვე სიტუაციაში ყოველთვის არ არის მარტივი პრაქტიკაში ინტერპრეტირდეს ცალკეული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცის მასშტაბი და ხარისხი. რუმინეთის პატრიარქი აღნიშნავდა, რომ  იერუსალიმის პატრიარქის მუქარა ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ წარმოადგენს ”თავქარიან და შეცოდების ღირს” პოზიციას.

იერუსალიმის საპატრიარქომ საკუთარი გადაწყვეტილება პავლე მოციქულის სიტყვებს დააყრდნო: ”თანაც ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა.” (რომ. 15:20) და ასევე კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო კრების მეორე კანონს: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა”.

ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის პრეცედენტები მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა თანამედროვე ისტორიაშიც გვხვდება. მაგალითად, 1996 წელს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს შორის არ არსებობდა ევქარისტიული ურთიერთობა ე.წ ”ესტონური კონფლიქტის” გამო.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომელსაც საპასუხო რეაქცია რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, 19-21 მაისს მოჰყვება, სრულად არის გამყარებული კანონიკური სამართლით. ხოლო უწმინდესი თეოფილეს შეუვალი პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავდება საქართველოს საპატრიარქოს ლმობიერი დამოკიდებულებისგან საკუთარი ეკლესიის იურისდიქციაში კანონიკური წესრიგის დაცვის თვალსაზრისით.

ტაბულა უკვე წერდა, რომ რუსეთის საპატრიარქო სისტემატურად არღვევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიულ იურისდიქციას და ოკუპირებულ რეგიონებში საეკლესიო ექსპანსიას ეწევა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებლებიც სწორედ საქართველოს პატრიარქს უნდა ემორჩილებოდნენ - თუმცა აქაც, რუსეთის საპატრიარქო სათანადო ნებართვის გარეშე აგრძელებს ტაძრების მშენებლობას. ამ უხეში დარღვევების პასუხად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ მრავალჯერადი პროტესტით შემოიფარგლება, როცა იერუსალიმის საპატრიარქოსთვის ერთი ტაძრის მშენებლობაც კი ევქარისტიული კავშირის რღვევისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა.

კომენტარები